რუსი პილოტი, რომელიც გასულ წელს უკრაინაში რუსული ვერტმფრენით გაფრინდა, ესპანეთში მიწისქვეშა გარაჟში მოკლული იპოვეს. ესპანური და უკრაინული მედიის ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავალი ჭრილლობა ჰქონდა.
ესპანეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო EFE წერს, რომ ცხედარი 13 თებერვალს ქალაქ ვილაიოსაში იპოვეს, ესპანეთის სამხრეთში. მოკლული პილოტი მაქსიმ კუზმინოვია, ის გასული წლის აგვისტოში უკრაინაში რუსული Mi-8 ვერტმფრენით დაეშვა. მედიის ცნობით, მას შემდეგ ის უკრაინული პასპორტით და შეცვლილი სახელით ესპანეთში ცხოვრობდა.
ასევე ნახეთ: რუსეთში ღალატის ბრალდებით, აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე დააკავესუკრაინის უსაფრთხოების სამსახურების სამხედრო დაზვერვა ადასტურებს, რომ კუზმინოვი ესპანეთში გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის მიზეზს არ აკონკრეტებს.
უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ ის იარაღითაა მოკლული. ესპანეთის პოლიცია ამბობს, რომ ქალაქში ნამდვილად იპოვეს მოკლული პირი, მაგრამ მის ვინაობას არ ასაჯაროებს. ზოგიერთი ესპანური გამოცემა იმასაც წერს, რომ პოლიცია ეძებს ორ ეჭვმიტანილს, რომლებმაც შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს, შემდეგ კი ეს მანქანა ქალაქგარეთ დამწვარი იპოვეს.