ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იანდექსის" მფლობელი რუსეთიდან $5.2 მილიარდიანი გარიგებით გადის


"იანდექს NV"-მ 5,21 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება გააფორმა, რათა ე.წ. „რუსული გუგლი“ რუსი ინვესტორების ჯგუფს მიჰყიდოს. ეს იქნება ყველაზე დიდი კორპორატიული გასვლა რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კრემლის მიერ წამოწყებული გარიგება რუსეთის უდიდეს ტექნოლოგიურ მოთამაშეს მთლიანად რუსულ მფლობელობაში გადაიყვანს. ეს გარიგება დასავლური ტექნოლოგიური წრეებიდან „იანდექსის” საბოლოო გასვლასაც განამტკიცებს.

“იანდექსი” იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი რუსული კომპანიებიდან, რომელსაც გლობალურ ბიზნესად გადაქცევის პოტენციალი ჰქონდა. დროთა განმავლობაში, კომპანიამ შეიმუშავა ონლაინ სერვისები, მათ შორის, ინტერნეტ საძიებო სისტემა, რეკლამა და ტაქსის სერვისი.

კომპანიის თანადამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა, რომელიც 2014 წელს რუსეთიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას აგვისტოში „ბარბაროსული“ უწოდა. საქმეში ჩახედული ადამიანების ცნობით, ვოლოჟის პოზიციამ კრემლში ზოგიერთებს „იანდექსის” ნაციონალიზაციის სურვილი გაუჩინა. თუმცა, ტექნოლოგიური ტვინების გადინების შიშმა ეს სურვილი მაშინ მოთოკა, მოგვიანებით კი შედეგად მიიღეს რთული ბიზნეს გარიგება. გარიგების საფუძველზე “იანდექსის” ბიზნესები, რომლებზეც მთელი კომპანიის შემოსავლების 95 პროცენტი მოდის, რუსეთში დარჩება და რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება.

კრემლი, რომელიც ამ გარიგებას მიესალმა, “იანდექსთან” მოლაპარაკებებში 18 თვის განმავლობაში იყო ჩართული, რათა რუსული ბიზნესები “იანდექს NV”-სგან გამოეყო. “იანდექს NV” ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც "იანდექსის" ყველა კომპანიისთვის ქოლგა ორგანიზაციას წერმოადგენს.

გარიგება “იანდექსის” საბაზრო ღირებულებას 10,2 მილიარდ დოლარად აფასებს. 2021 წლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიის ღირებულება 30 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

“იანდექს NV”-მ განაცხადა, რომ გასაყიდი ფასი ასახავს საბაზრო ღირებულებიდან, "სულ მცირე, 50 პროცენტიან სავალდებულო ფასდაკლებას“. რუსული კანონმდებლობით, უცხოური აქტივების გაყიდვა კრემლმა უნდა დაამტკიცოს, რის წინაპირობაც, სულ მცირე, 50 პროცენტიანი სავალდებულო ფასდაკლებაა.

რუსეთში მყოფი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში “იანდექსის” მენეჯერებმა თქვეს, რომ მთავარი საქმე კომპანიის არსის განადგურების თავიდან აცილება იყო და ხაზი გაუსვეს, რომ “იანდექსმა” დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG