ამერიკულმა პროკურატურამ შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის კუთვნილი 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინოს. ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს ამერიკელმა მოსამართლემ მიიღო. შესაძლოა რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული თანხები, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენისთვის იქნას გამოყენებული.
მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, პოლ გარდეფის გადაწყვეტილება პირველია, რომელიც აქტივების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა 2022 წელს სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებისთვის ფინანსების შეზღუდვის დაწესებას, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის ბოლოს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს უფლებას აძლევს გადასცეს გარკვეული ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფო დეპარტამენტს, უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ს კანონმდებლობა ზღუდავს, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ გამოიყენოს ჩამორთმეული აქტივები.
აშშ-ის ხელისუფლებამ მალოფეევი, მართლმადიდებლური სატელევიზიო არხის Tsargrad TV-ის მფლობელი, ყირიმის სეპარატისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ: მანჰეტენის პროკურატურა რუსი ოლიგარქისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევაზე მუშაობსმალოფეევს, რომელიც უარყოფს სეპარატისტთა დაფინანსებას, ვაშინგტონმა სანქციები 2014 წელს დაუწესა, ხოლო 2022 წელს სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. მასთან კომენტარზე დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის სავარაუდოდ რუსეთში რჩება.
ენდრიუ ადამსმა, იუსტიციის დეპარტამენტის „კლეპტოქეფჩეკერის“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გასულ თვეში თქვა, რომ პირველი ჩამორთმეული თანხები შესაძლოა უკრაინაში მალე გადაირიცხოს.
„ეს თანხები უმნიშვნელოა რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიწისთვის მიყენებულ ზიანთან შედარებით, მაგრამ მისი წვლილი მნიშვნელოვანია“, - თქვა ადამსმა ვაშინგტონში, „ჰადსონის ინსტიტუტში“, გამოსვლისას.
ასევე ნახეთ: რას ნიშნავს "ოლიგარქი" და როგორ წარმოიშვნენ პოსტსაბჭოთა ოლიგარქები?პროკურორებმა გასული წლის ბოლოს სასამართლოში განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ უფლება ჩამოერთმიათ მალოფეევის მიერ დენვერში დაფუძნებულ Sunflower Bank-ში მის ანგარიშზე გადარიცხული ფული, რადგან ის ცდილობდა სანქციების დარღვევით თანხის მისი ბიზნეს პარტნიორისთვის გადაცემას.
რადგან მალოფეევმა არ გაასაჩივრა კონფისკაცია, პროკურორებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ თანხები მას უნდა ჩამოერთვას.
“კლეპტოქეფჩეკერის“ სამუშაო ჯგუფმა, დროებით გაყინა სხვა ოლიგარქების აქტივები, მათ შორის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა, მაგრამ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მათი ჩამორთმევის შესახებ.