უკრაინის დედაქალაქში, სასწავლო პროცესის განახლების პირველი კვირა რუსული საჰაერო იერიშისა და აფეთქებების ფონზე დაიწყო. საჰაერო ძალების მეთაურების თქმით, 35 რუსული რაკეტიდან 22-ის განადგურება შეძლეს, 23 დრონიდან კი - 20-ის.
გათენებისას, უკრაინის არაერთ რეგიონში, საჰაერო განგაშის სირენები თითქმის ორი საათის განმავლობაში ისმოდა. დილის 6:30-ზე საჰაერო ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ცა ახლა უსაფრთხო იყო. საჰაერო სივრცის თავდასაცავად მოემზადა პოლონეთის შეიარაღებული ძალებიც.
ასევე ნახეთ: კურსკის ოპერაციის სამხედრო და პოლიტიკური ფასიგასული კვირის დასაწყისში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უმსხვილესი იერიში განახორციელა. ბოლო ერთი კვირაა მოსკოვი ქვეყნის არაერთ რეგიონს და დედაქალაქ კიევს უტევს. გასულ ორშაბათს, რუსეთმა 200-მდე რაკეტითა და დრონით შეუტია უკრაინას, ამ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურაც. უქმეებზე, რუსული თავდასხმის სამიზნე ხარკივიც გახდა, სადაც 50-მდე ადამიანი დაშავდა. თუმცა, რუსეთი გამუდმებით უარყოფს სამოქალაქო ინფრასტქრუტურაზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
კიევის მერის განცხადებით, ნაწილობრივ დაზიანდა ერთ-ერთი ქარხანა და სვიატოშინკსკის მეტროსადგურის შესასვლელი, რომელსაც მოქალაქეები დაბომბვებისას თავს აფარებენ. ამ უბანში არაერთი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელია. სასწავლო წლის განახლების გამო, ქალაქში ბევრი მშობელი ბავშვებთან ერთად იყო გამოსული. დილით ადრე ხალხმრავლობა იყო მაღაზიებსა და ბაზრებშიც, სადაც მშობლები თაიგულებს ყიდულობდნენ. ქუჩებში გამოსულ მოვაჭრეებსაც, პროდუქტის მიტოვება და თავის უსაფრთხო ადგილას შეფარება დასჭირდათ.
თავდასხმისას 3 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მასშტაბით არაერთ ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი, იერიშმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ არასაცხოვრებელ კორპუსშიც.
სამაშველო სამსახურები იმ ხანძრების ჩაქრობასაც ცდილობდნენ, რომლებიც რაკეტების მოგერიებისას ჩამოცვენილი ნამსხვრევებისგან გაჩნდა.
თავდასხმები მოხდა სოლომიანსკის რაიონშიც, სადაც კიევის მთავარი აეროპორტი და დიდი სარკინიგზო სადგური მდებარეობს.