„რუსული პროპაგანდის მიზანი არ არის, რომ მათ დაუჯეროთ. მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ არავის დაუჯეროთ და იყოს ქაოსის ატმოსფერო“, - ამბობს კირილ სუხოტსკი, „რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის“ ევროპისა და ტელეწარმოების რეგიონული დირექტორი.
ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდის შემდეგ მალევე ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები კრემლის გავლენის ქვეშ მოექცა, იგივე ბედი ეწია კომერციულ მედიასაშუალებებს. ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია იმისათვისაც, რომ „რადიო თავისუფლებასთან“ ადგილობრივ აფილიატებს კავშირი გაეწყვიტათ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ტელემედიასთან შედარებით, ნაკლებ შეზღუდულად მიიჩნევა, კრემლი მაინც ახერხებს ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროს დაბლოკვას ან რუსეთში მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაერთი ცნობილი ჟურნალისტი თავდახმის სამიზნე გახდა, ბევრიც მოკლედ.
თუკი რუსეთს დაგვატოვებინებენ, ჩვენ ვიქნებით პირველები, მაგრამ ისინი მიაპყრობენ ყურადღებას სხვა მედიასაშუალებებსაც, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიას. რასაც ქვეყნის შიგნით ვხედავთ, ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება,- განმარტავს ჯემი ფლაი.
თუმცა წნეხს ვერც საერთაშორისო მედია გაურბის. ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ მეთოდებსა და იარაღს შორის ერთ-ერთი უპირველესი ახლა „უცხო ქვეყნის აგენტებად“ მათი კლასიფიცირებაა. 2021 წლის იანვრიდან რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ „რადიო თავისუფლება“ ასობით დარღვევაში დაადანაშაულა და კანონის დაუმორჩილებლობის მიზეზით 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მას მალე სავარაუდოდ სხვა ჯარიმებიც დაეკისრება, ან ჯარიმას თუ არ გადაიხდის, ისინი გაიზრდება, შემდეგ კი შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს.
„რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ „ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს“ მიერ იმართება. ორივე მედია საშუალებას ამერიკის კონგრესი აფინანსებს. „ამერიკის ხმა“ ფედერალური უწყებაა, „რადიო თავისუფლება“ კი - კერძო, არა-მომგებიანი ორგანიზაცია,
2017 წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. კრემლის დაწესებული რეგულაციებით, მედიაშაშუალებების მენეჯერები იძულებულნი არიან კონკრეტული მითითება დაურთონ თითოეულ მასალას ორგანიზაციის დაფინანსებისა თუ წარმომავლობის შესახებ, ამასთან სისტემატუროდ მიაწოდონ ხელისუფლებას ინფორმაცია მათი მიზნების, გეგმების, ფინანსებისა თუ თანამშრომლების შესახებ.
„უცხო ქვეყნის აგენტებად“ მედია საშუალებები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2012 წლის კანონს შესაბამისად ცხადდებიან. რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ მიერ მიღებული კანონი პირდაპირ-პროპორციულია "ფარას" სახელით ცნობილი ამირიკული კანონისა, რომელიც 80 წლის წინ ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების საწინააღმდეგოდ შეიქმნა.
ამერიკამ კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება RT-ის ამგვარი რეგისტრაციის გავლა 4 წლის წინ მოსთხოვა. თუმცა ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამასთან რუსეთი ამ კანონს თავისუფალი იდეების დასაბლოკად იყენებს და არა - გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ კანონის აღსრულება-გამოყენების პრაქტიკა ორ ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავდება და ამას რუსეთში ამ კანონის მედიის წინააღმდეგ ექსკლუზიური გამოყენების მაგალითებიც ადასტურებს.
“ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი მის ისტორიულ მიზნებს ემსახურება. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს იყო მცდელობა ქვეყანაში საგარეო ლობისტური ძალისხმევის შესახებ გამჭვირვალობა შექმნილიყო“, - ამბობს დილან მაილს-პრიმაკოვი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის მკვლევარი.
ასევე ნახეთ: სტენგელი: რუსეთის მიზანი დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებაა
„თუკი ამერიკაში დარეგისტრირებულ უცხო ქვეყნის აგენტებს სიას გადახედავთ,400-500 აქტიური რეგისტრაციაა ნებისმიერ დროს. ესენია ძირითადად ამერიკული ლობისტური კომპანიები, სავაჭრო ორგანიზაციები, შემოსავალზე ორიენტირებული კომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც უმეტესად აქვთ პირდაპირი კონტრაქტები და წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესებს. რუსეთში კი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონი მსგავსი მიზნით არასდროს გამოყენებულა. ის 2012 წელს შეიქმნა, პუტინის მესამე ვადის დაწყებიდან ძალიან მალევე და ვფიქრობ, ეს იყო პასუხი ზოგიერთ პროტესტზე ამ პოლიტიკური ტრანზიციის ირგვლივ“, - ამბობს მაილს-პრიმაკოვი და განმარტავს, რომ ამის შემდეგ ეს კანონი ძირითადად დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობისა და სიტყვის თავისუფლების „დასახრჩობად“ გამოყენებოდა. თითოეული ახალი ორგანიზაციის „აგენტის“ კატეგორიისთვის მიკუთვნებას კი კრემლის მიერ მართული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ტალღა სდევს ხოლმე თან, მიზანი ნათელია - ამ ორგანიზაციების დელეგიტიმაცია და დისკრედიტაცია.
„ვფიქრობ, ნათელია, რომ „რადიო თავისუფლებისა“ და სხვების წინააღმდეგ ამ კანონის გამოყენების მიზანი სწორედ ინფორმაციის ამ წყაროების დელიგიტიმაციაა“.
კირილ სუხოტსკი, „რადიო თავისუდალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ევროპის რეგიონული დირექტორი და ტელეწარმოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ 2017 წელს გამოცხადების შემდეგ მუშაობა მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა 2020 წლის ოქტომბრის, განსაკუთრებით კი 2021 წლის დასაწყისში მედიის შევიწროვების სტრატეგია ახალ ეტაპზე გადავიდა.
„რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელისუფლებამ მძიმე და ყოვლისმომცველი რეგულაციები დააწესა უცხო ქვეყნის აგენტებისთვის, რომლებშიც ჩვენ მოვიაზრებით. ახლა ჩვენ ვალდებულნი ვართ, 46-სიტყვიანი განმარტება გავაკეთოთ ყოველ ვებგვერდზე, ყველა სტატიაზე. განმარტების ზომა ორჯერ იმაზე დიდია, ვიდრე ტექსტის ზომა, ყველა ვიდეოს (ეკრანის ცენტრში) თუ აუდიო რეპორტაჟს ასევე 15-წამიანი დანართი უნდა ჰქონდეს წინ წამძღვარებული, მათ შორის „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, „იუთუბზე“ გამოქვეყნებულ მასალებსაც. თუკი ამ შეზღუდვას არ ემორჩილები, არის ჯარიმები“, - ამბობს კირილ სუხოტსკი და განმარტავს, რომ ამ შეზღუდვების შესრულება პრაქტიკაში თითქმის შეუძლებელია:
ამერიკაში დარეგისტრირებულ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში 400-500 აქტიური რეგისტრაციაა ნებისმიერ დროს: ძირითადად ამერიკული ლობისტუტი კომპანიები, სავაჭრო ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი კონტრაქტები აქვთ და წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესებს. რუსეთში კი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონი ძირითადად დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობისა და სიტყვის თავისუფლების „დასახრჩობად“ გამოყენებოდა. თითოეული ახალი ორგანიზაციის „აგენტის“ კატეგორიისთვის მიკუთვნებას კი დეზინფორმაციის ტალღა სდევს ხოლმე თან ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის,- დილან მაილს პრიმაკოვი
„ჩვენ არ ვემორჩილებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ამახინჯებს პლატფორმებს და ეს არის განზრახ მცდელობა, რომ შეიზღუდოს ჩვენი მასალების შინაარსზე წვდომა. გვაჯარიმებენ ამ მითითებების არასაკმარისი განთავსებისთვის. ასე რომ, 390 დარღვევისთვის მილიონნახევარ დოლარზე ოდნავ მცირე თანხით დავჯარიმდებით. ამის გაკეთება ყოველდღე შეუძლიათ.შემდეგი საფეხური ჯარიმების გაორმაგებაა, მესამე - გაათმაგება, შემდეგ კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა თითო დარღვევისთვის. ანუ გარდა იმისა, რომ უახლოეს კვირებში ათობით მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმაზე ვსაუბრობთ, შეიძლება რუსეთში მენეჯერებისთვის პატიმრობამდეც კი მივიდეს საქმე“, - ამბობს სუხოტსკი.
ჯემი ფლაი, „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებს კრემლი და კანონი განსაკუთრებულად მტრობს.
„ვშიშობ ჩვენ ჩვენივე წარმატების მსხვერპლნი ვართ. ჩვენ რეპორტიორების ერთ-ერთი ყველაზე ფართო, თუ ყველაზე ფართო არა, ქსელი გვაქვს რუსეთში. ბოლო წლებში ჩვენი აუდიტორია გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის,.მაშინ, როცა ბევრ პლატფორმას უჭირს მოქალაქეებისთვის ხმის მიწვდენა, ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში აუდოტორია გაგვიორმაგდა. ვფიქრობ, კრემლი უყურებდა ამ განვითარებებს, რაც ისეთ დროს ხდება, როცა ის უფრო და უფროდაუცველად გრძნობს თავს“, - ამბობს ფლაი და განმარტავს, რომ შესაძლოა „რადიო თავისუფლება“ იმ სიის სათავეში იყოს, ვისაც რუსეთის დატოვება მოუხდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ მუშაობის გასაგრძელებლად, არამედ უფრო დიდი და უარყოფითი ტენდენციების თავიდან ასაცილებლად.
„თუკი რუსეთს დაგვატოვებინებენ, ჩვენ ვიქნებით პირველები, მაგრამ ისინი მიაპყრობენ ყურადღებას სხვა მედიასაშუალებებსაც, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიას. რასაც ქვეყნის შიგნით ვხედავთ, ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება“, - განმარტავს ჯემი ფლაი.
„RT-ისა და „სპუტნიკს“ ამერიკის მთავრობა ასე ნამდვილად არ ეპყრობა. გინდაც ჩვენს შორის რაიმე მსგავსება არსებობდეს, რის ხაზგასმასაც განსაკუთრებით ცდილობს რუსეთის ხელისუფლება, ისინი აუდიტორიასთან ჩვენს ურთიერთობაზე ექსტრემალური კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ცდილობენ არსებობა შეგვაწყვეტინონ. ეს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს RT-ისა და „სპუტნიკის“ წინააღმდეგ არც არასდროს უცდია“, - განმატავს მედიასაშუალების ხელმძღვანელი და ამბობს, რომ რამდენიმე სხვადასხვა პროექტში დასაქმებული ჟურნალისტები რუსეთის პატრიოტი მოქალაქეები არიან და მათი ერთგულება „არ ეკუთვნის არც ვაშინგტონს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას.“
„ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია. ეს დამოუკიდებლობა ძალიან გვეამაყება და ჩვენ არ ვიღებთ მითითებებს ამერიკის მთავრობისგან. განსხვავებით რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებისა. ამ ორგანიზაციებისშედარებები მათი სტრუქტურიდან გამომდინარეც კი სასაცილოა“, - ამბობს ის.