რუსეთის ძალები უკრაინის ქალაქ ავდიივკის ასაღებად შეტევებს აძლიერებს. კვირების განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შემდეგ, რუსი ჯარისკაცები ქალაქის ყველა მიმართულებით დაწინაურებას ცდილობენ.
ავდიივკას რუსეთის ძალები სახმელეთო და საჰაერო იერიშებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად უტევს. ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ ბოლო შეტევები უკრაინელთა მიერ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა იმის შესახებ, რომ რუსეთის დაწინაურებას აკავებდნენ. "ავდიივკის სექტორში ვითარება კიდევ უფრო გართულლდა. ინტენსიური შეტაკებები უკვე გარკვეული ხანია იზრდება", - უთხრა მან ერთ-ერთ მედია გამოცემას. "რუსებმა კიდევ ორი სექტორი გახსნეს, საიდანაც ისინი შეტევებს დონეცკის მიმართულებით ახორციელებენ. მტერი ცდილობს, ქალაქს ყველა მიმართულებიდან შემოუტიოს", - განმარტავს ის.
ასევე ნახეთ: რუსეთი დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებს უტევსოფიციალური პირები ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე იერიშების შემდეგ ქალაქში არც ერთი შენობა არაა დაუზიანებელი. 32 000-იან ქალაქში ახლა 1500-მდე მცხოვრები რჩება, ვინც ევაკუაციაზე უარს ამბობს. იერიშების უდიდესი ნაწილი ქვანახშირის დამამუშავებელი ქარხნების ინფრასტრუქტურისკენაა მიმართული.
ბარაბაში მანამდე ამბობდა, რომ უკრაინის ჯარმა შეძლო რუსული ძალების სტეპოვის მიმართულებიდან განდევნა, ეს ავდიივკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელია, რომელიც რკინიგზის სიახლოვეს მდებარეობს.
უკრაინელი და დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთმა ამ მიდამოებში ბევრი ჯარისკაცი და ტექნიკა დაკარგა. თუმცა ბრძოლების თაობაზე რუსულ ოფიციალურ წყაროებში ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდება. რაც შეეხება რუს სამხედრო ბლოგერებს, ისინიც ამბობენ, რომ ავდიივკის მიმართულებით უკრაინელებს მეტი წარმატება აქვთ ბოლო კვირაში. ორშაბათს კი რუსულ წყაროებში წერდნენ, რომ ჯარმა ინდუსტრიულ ზონაზე კონტროლი მოიპოვა და ყოფილ საწარმოებს უტევს. ჟურნალისტებს ამ ცნოობების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.
ავდიივკას ხშირად დონეცკის რეგიონული ცენტრისკენ მთავარ გზად მიიჩნევენ და ამიტომ ის მნიშვნელოვანი ქალაქია. პრორუსმა სეპარატისტებმა ის 2014 წელს ცოტა ხნიღ აიღეს კიდეც. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი ის დროდადრო ექცევა დიდი სამხედრო იერიშების ცენტრში.