რუსული დრონის თავდასხმის შედეგად, სუმის რეგიონს ელექტროენერგია შეუწყდა

რუსული დრონის იერიშის შედეგად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სუმის რეგიონში, 400 000 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ორშაბათს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ამ რეგიონში, 12 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

შესაბამისი სამსახურები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ, თუმცა "უკრენერგოს" ცნობით, 1300-ზე მეტი დასახლებიდან, რომელსაც პრობლემა შეეხო, 91 დასახლება ჯერაც უშუქოდაა.

"ელექტროენერგია აღდგა ქალაქ სუმის ნაწილსა და ბევრ სხვა დასახლებაში", - დაწერა "ტელეგრამზე" რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გასულ ღამით 13 დრონი გამოიყენა, რომელთაგან 12-ის ჩამოგდება მოხერხდა.

რუსეთი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად იყენებს დრონებს უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასასხმელად. ეს კი, ბევრ რეგიონში, ელექტროენერგიის გათიშვას და ჰიდრო თუ თბოელექტროსადგურების მუშაობის სერიოზულ შეფერხებებს იწვევს. ამ კონკრეტულ თავდასხმაზე, მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა კვირას თქვა, რომ ამ თავდასხმებმა ენერგოსექტორს უკვე 1 მილიარდის ღირებულების ზიანი მიაყენა.