"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის სარჩელი რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

რუსეთის რესპუბლიკის თათარსტანის უზენაესმა სასამართლომ უარყო "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის ალსუ კურმაშევას შუამდგომლობა მისი წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ. კურმაშევას ბრალად ედება ის, რომ უცხოელ აგენტად არ დარეგისტრდა, რასაც ჟურნალისტი უარყოფს.

მოსმენა 31 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კურმაშევას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლა მოითხოვა. ერთი კვირით ადრე, ყაზანის საოლქო სასამართლომ კურმაშევას 5 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კურმაშევა, "რადიო თავისუფლების" თათარ-ბაშკირული სამსახურის პრაღაში მცხოვრები ჟურნალისტია, რომელსაც ამერიკისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის რუსეთში მაისში "გადაუდებელი მიზეზით ოჯახის მოსანახულებლად" გაემგზავრა. 2 ივნისს კი ყაზანის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა უკან დასაბრუნებელ ფრენას ელოდა და ორივე პასპორტი ჩამოართვეს. 11 ოქტომბერს ხელისუფლებამ კურმაშევა 10 000 რუბლით ($103) დააჯარიმა იმის გამო, რომ ამერიკის პასპორტით რუსულ ადმინისტრაციაში არ დარეგისტრიდა. ის ამის შემდეგ პასპორტების დაბრუნებას ელოდა.

ასევე ნახეთ: რუსეთის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის პატიმრობა დეკემბრამდე გაახანგრძლივა

კურმაშევა მოგვიანებით კიდევ ერთხელ დააკავეს 18 ოქტომბერს და ამჯერად ბრალად უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის წესის დარღვევა დასდეს, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ კურმაშევას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილით, რომელიც ეხება უცხოელი აგენტების რეგისტრაციას, რომლებიც ახორციელებენ „ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში“.

კურმაშევა ბრალდებას უარყოფს. "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი გედმინმა კი უარყო კურმაშევას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო დევნიან. „ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ის სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ ოჯახთან“, - განაცხადა მან.