ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების სასამართლო დევნა გრძელდება

რუსეთში სასამართლომ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეს ლიუბოვ სობოლს 1 წლით საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ძალადობის გამოყენებით კერძო ტერიტორიაზე შესვლის გამო.

ეს საქმე გასული წლის დეკემბერში მომხდარს უკავშირდება, როდესაც აქტივისტის თქმით, ის იმ აგენტთან მიახლოებას ცდილობდა, რომელსაც, როგორც ალექსეი ნავალნი ამბობს, ტელეფონით ესაუბრა და მისგან ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის აღიარება მოიპოვა.

ასევე ნახეთ: ადვოკატები: ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება


რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურები ნავალნისა და გერმანელი ექიმების მტკიცებას, რომ ის ნერვული აგენტით იყო მოწამლული, აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ სობოლი და რამდენიმე სხვა მოქალაქე მოსკოვში ხანდაზმული ქალის ბინაში შეჭრას ცდილობდნენ და ამ მიზნით ჯანდაცვის ინსპექტორთა ფორმები ეცვათ. სობოლის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ მან ზარი დარეკა იმ ბინაში, რომელიც ნავალნის თქმით, მის მოწამვლაში ჩართულ პირს ეკუთვნოდა.

სობოლი არაა ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგა. ნავალნის არაერთი თანამოაზრე და თანამებრძოლი მის მხარდასაჭერ აქციებზეა დაკავებული. ამასთან, ნავალნის პრესსპიკერის თქმით, სობოლს ამ სასჯელის მიუხედავადაც შეეძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა. სობოლის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც იყო აღძრული. მათ შორის, იანვარში საპროტესტო აქციაზე "კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ღიად უგულვებელყოფა". ამის გამო ის შინა პატიმრობაშიც იყო, თუმცა მას და ნავალნის რამდენიმე სხვა მხარდამჭერს გასულ კვირას სასჯელი შეუმსუბუქეს.

ამ პროცესების პარალელურად, რუსეთში საქმე სტუდენტური ჟურნალის 4 რედაქტორის წინააღმდეგაც აღიძრა. მათ ბრალი ედებათ არასრულწლოვნებისთვის უკანონო ქმედებებში მონაწილეობისკენ მოწოდებებში. ამ შემთხვევაშიც ოფიციალური პირების განმარტებით, სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი პროტესტების შესახებ მასალას შეეხება. ოთხივე რედაქტორს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში აეკრძალა. მათ ასევე არ აქვთ უფლება, ისარგებლონ ინტერნეტით ან ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის წევრების, ადვოკატებისა და სამართალდამცავი უწყებების გარდა, ნებისმიერ სხვა პირთან.