რუსეთი გასულ წელს უპრეცედენტო ემიგრაციის მოწმე გახდა, რომლის მსგავსი ქვეყანაში 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ არ უნახავთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების გადინების მასშტაბი მილიონს აღწევს. ემიგრაციის პირველი, შედარებით სუსტი ტალღა 2022 წლის თებერვალში დაიწყო, მოსკოვის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ. რუსი ემიგრანტების მეორე, კიდევ უფრო ძლიერი ნაკადი კი ქვეყნიდან 21 სექტემბრის შემდეგ დაიძრა, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
მასობრივი მიგრაციისთვის პირველადი დანიშნულების პუნქტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები აღმოჩნდა. საქართველო და სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის იოლად ხელმისაწვდომი არამარტო გეოგრაფიულად გამოდგა, არამედ ძალზე ხელსაყრელი იყო ფინანსურად და გაიოლებული სავიზო რეჟიმის გამოც. მიგრაციის მოტივი რიგ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა იყო. ამას გარდა, რუსები ასახელებდნენ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების და სამომავლოდ ბუნდოვანი ეკონომიკურ-ფინანსური პერსპექტივის მიზეზებსაც.
სომხეთში ვიზიტისთვის რუსებს საერთაშორისო პასპორტი საერთოდ არ სჭირდებოდათ და იქ ჩასვლა თავიდანვე რეგულარული რეისებით გახდა შესაძლებელი. მართალია, საქართველოსთან რუსეთს მაშინ ავიამიმოსვლა განახლებული არ ჰქონდა, მაგრამ ორ ქვეყანას სახმელეთო საზღვარი აკავშირებდა, საიდანაც რუს მიგრანტებს ფეხით, ან საკუთარი მანქანებით შეეძლოთ საქართველოში შესვლა და გარკვეული რაოდენობის პირადი საკუთრების შეტანა.
„ამას გარდა, რუსებს ორივე ქვეყანაში დარჩენა დე-ფაქტო სამუდამოდ შეუძლიათ - სომხეთში საცხოვრებელი ადგილის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოში კი ქვეყნიდან სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ გასვლის და ხელმეორედ შემოსვლის შემთხვევაში“ - ნათქვამია ამ წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომლის ავტორები არიან გერმანიაში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლები, სახელად - აღმოსავლეთ ევროპის და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრი, გერმანული აბრევიაციით „ზოისი“ (ZOIS).
ნაშრომის ერთ-ერთ ავტორს, ფელიქს კრავაზეკს „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია ესაუბრა. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტში პოსტ-სადოქტორო კურსს გადის. კვლევის ავტორებმა საქართველოში და სომხეთში მყოფი 1 600-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე გამოკითხეს და მათ პირისპირ გაესაუბრნენ.
ფელიქს კრავაზეკის თქმით, ორივე ქვეყანაში გამოკითხულ მიგრანტთა უმეტესობა ახალგაზრდაა. სომხეთში ოდნავ უფრო ახალგაზრდები არიან (საშუალო ასაკი - 30 წელი), ვიდრე საქართველოში (საშუალო ასაკი -32 წელი), თუმცა ზოგადი დემოგრაფიული სურათი მაინც მსგავსია. სომხეთში უმეტესობა დიდი ქალაქებიდან წავიდა, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, საქართველოში კი პროვინციებიდანაც ბევრია ჩასული. სომხეთში მარტოხელა ადამიანები ჭარბობენ, საქართველოში კი დაოჯახებულთა რიცხვია მეტი.
მიგრანტთა შორის ორივეგან მამრობითი სქესის რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ. სომხეთში გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს ჩასულები უფრო მეტნი არიან, რომლებიც ზოგადად ომს ეწინააღმდეგებოდნენ, საქართველოში გაცილებით ბევრია მიგრაციის მეორე ტალღის დროს შესულთა რიცხვი, მას შემდეგ რაც შემოდგომაზე, რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. „თუმცა, კვლევაში გამოყენებული გამოკითხვის მეთოდების გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები რუსების ჯგუფებს ერთმანეთს უშუალოდ შევადარებთ“ - ამბობს მკვლევარი და განმარტავს, რომ მიგრანტებთან პირისპირ საუბრისას, მათ არ გამოუყენებიათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპი, რაც შედარებით მკაფიო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას ზღუდავს.
გამოკითხულთა შორის რუსეთის პოლიტიკაზე შეხედულებები ორივე ქვეყანაში გამოკვეთილად უარყოფითია, თუმცა სომხეთში უფრო მეტად, ვიდრე საქართველოში. სომხეთში მყოფი რუსების 66%-ს მოსწონს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოში კი - მხოლოდ 46%-ს. კრავაზეკი ფიქრობს, რომ ეს სავარაუდოდ იმის ბრალია, რომ სომხეთში უმეტესად მიგრანტთა პირველი ტალღა ჩავიდა - ისინი, ვინც ზოგადად ომის და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგნი იყვნენ.
კრავაზეკის თქმით, ზოგადად, ორივე ქვეყანაში გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, ლიბერალური განწყობებით გამოირჩევა. რაც შეეხება რუსეთში დაბრუნებას, საშუალოდ ნახევარი ამბობს, რომ მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რამდენი ხნით წამოვიდნენ რუსეთიდან. სომხეთში მყოფი რუსების მარტო 20% ამბობს, რომ ქვეყანა სამუდამოდ დატოვა, საქართველოში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა და 12%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, რაც საქართველოში და სომხეთში რუს მიგრანტთა მოზღვავებასთან დაკავშირებით იქმნება, ნაშრომის ავტორი ამბობს, რომ „უსაფრთხოების გამოწვევები ნამდვილად არსებობს, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ წრეებში“. კრავაზეკს ამის მაგალითად გასული წლის ბოლოს საქართველოში მომხდარი ინციდენტი მოჰყავს, როცა მისი თქმით, თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მყოფ რუსულ საზოგადოებაში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების გააქტიურებით, პრობლემები შეიქმნა.
მისი თქმით, მთავარია, რომ „უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, ცნობადობა ადგილზე არსებობს. რა თქმა უნდა, ზუსტად არ იცი, ვინ შემოდის ლტოლვილის და პოლიტიკური მიგრანტის სტატუსით ისეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია ქაოტურია და სრაფად ვითარდება“.
კრავაზეკი ფიქრობს, რომ ომის გაჭიანურებასთან ერთად, ეს პრობლემა თანდათან უფრო რთული გადასაჭრელი იქნება და კიდევ „უფრო ძნელი იქნება კარგის და ცუდის გარჩევა“. ამის თქმის საფუძველს მას საქართველოში და სომხეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემებიც აძლევს.
„ორივე ქვეყანაში რუსი მიგრანტები ნაკლებად აძლევენ მკვეთრად დადებით შეფასებას დასავლეთის პოლიტიკურ ინსტიტუტებს და გარკვევით არ ადანაშაულებენ რუსეთის მხარეს ომის ესკალაციაში. ეს განსაკუთრებით იგრძნობა მათში, ვინც რუსეთიდან უფრო დიდი ხნის წამოსულია, მათ შორის წინააღმდეგობრივი შეფასებები უფრო ხშირია... ასეთი დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა უსაფრთხოების გამოწვევებში გადაიზარდოს“ - აღნიშნავს ნაშრომის ავტორი.
კრავაზეკის აზრით, ამ პრობლემის გააზრება ჯერ ბოლომდე არ მომხდარა. საკითხავია, რა გავლენას იქონიებს რუსეთის ემიგრაცია თუ ახლადშექმნილი დიასპორა მომავალში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე. კვლევის ავტორი ფიქრობს, რომ გარკვეულწილად, მსგავსი პრობლემების წინაშე სამომავლოდ თურქეთი და ევროპის სხვა ქვეყნებიც შეიძლება აღმოჩდნენ.