ჰაერის დაბინძურებას მეცნიერები ხშირად უკავშირებენ დემენციას და კოგნიტური უნარების გაუარესებას. თუმცა, აქამდე არ იყო დაზუსტებული, თუ როგორ ხდება რისკის გაზრდა, ჰაერის დაბინძურებასთან რომელ ასაკში და რა ხანგძლივობით შეხება ქმნის საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.
ამ გავლენის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, ისტორიული ჩანაწერების არარსებობა იყო. 1990 წლამდე, ჰაერის დაბინძურების აღრიცხვა ძალიან მწირად და არათანმიმდევრულად ხდებოდა. მონაცემების სისტემატური მონიტორინგი მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო კორელაციის დადგენა ადრეულ ასაკში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას და მაგალითად, 60 წლის შემდეგ, ადამიანის აზროვნების უნარის გაუარესებას შორის.
2 თებერვალს ბრიტანელი მეცნიერების ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ჰაერის დაბინძურების გრძელვადიან გავლენას ადასტურებს. კვლევის მიხედვით, ბავშვობაში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას, ადამიანის კოგნიტურ უნარებზე მავნე გავლენის მოხდენა, 60 წლის შემდეგაც კი შეუძლია.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ დავადასტურეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჰაერის დაბინძურებასთან ძალიან ადრეულ ასაკში შეხებას, ადამიანის გონებაზე რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯია ადამიანის გონებაზე ჰაერის დაბინძურების დამაზიანებელი გავლენის შესწავლის საქმეში, რასაც შეუძლია მომავალ თაობებში დემენციის რისკის შემცირება“ - ამბობს ექიმი ტომ რასი. ის ედინბურგის უნივერსიტეტში, შოტლანდიის ალცჰაიმერის და დემენციის კვლევითი ცენტრის დირექტორია.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი 70 წლის 500-ზე მეტ ადამიანზე ჩაატარა. ისინი 1936 წელს იყვნენ დაბადებულები და 1947 წელს უკვე ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა ერთ-ერთ ადრეულ კვლევაში.
ექსპერიმენტის მონაწილეებს იგივე ტესტი ააღებინეს, რაც მათ 11 წლის ასაკში ჩააბარეს. მოგვიანებით, გამოცდა მათ 76 და 79 წლის ასაკშიც ჩაუტარდათ.
მიღებული შედეგები შეჯერდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მათი საცხოვრებელი ადგილების ჩანაწერებთან. მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, ჰქონდა თუ არა კავშირი ცხოვრების საწყის ეტაპზე ჰაერის დაბინძურებასთან შეხებას, მათ კოგნიტურ უნარებთან.
ედინბურგის უნივერსიტეტში სხვა ფაქტორებიც შეისწავლეს, როგორიცაა ცხოვრების წესი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თამბაქოს მოწევა და ა.შ. სტატისტიკური მოდელის საშუალებით, გაანალიზდა უშუალოდ ჰაერის დაბინძურების გავლენა ექსპერიმენტში მონაწილეთა გონებრივ შესაძლებლობებზე.
საბოლოო ჯამში, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას, მცირე, მაგრამ შესამჩნევი გავლენა აქვს მომავალში ადამიანის კოგნიტური უნარების გაუარესებაზე. ამასთან, ეს შეიძლება ჯანმრთელობაზე 11-დან 70 წლის ჩათვლით აისახოს. ყველაზე დიდი გავლენა კი მონაწილეების აზროვნებაზე ჰაერის დაბინძურებამ ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს, 1935 წელს მოახდინა.
კვლევა დააფინანსა ბუნებრივი გარემოს კვლევითმა საბჭომ (NERC). ედინბურგის უნივერსიტეტთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღო მანჩესტერის უნივერსიტეტმა და გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიის და ჰიდროლოგიის ცენტრმა (UKCEH). ნაშრომის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია 2 თებერვალს გამოსულ სამეცნიერო ჟურნალში Journal of Alzheimer’s Disease.
დემენციას 2015 წლიდან მოყოლებული, გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი კრიზისის კლასიფიკაცია აქვს. მაშინ ის დედამიწაზე 47 მილიონ ადამიანს ჰქონდა. 2015 წლის შემდეგ კი, გლობალურად, ყოველწლიურად დემენციის 10 მილიონამდე ახალი დიაგნოზი ისმება. ეს იმას ნიშნავს, რომ დემენციის პრევალენტობა 2050 წელს 130 მილიონზე მეტი იქნება.
დემენციის პრევენცია ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. მის საყოველთაოდ მიღებულ წამყვან რისკ-ფაქტორებს შორის სახელდება: ადრეულ ასაკში განათლების ნაკლებობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (განსაკუთრებით - შუახნის ასაკში ჰიპერტენზია და ჭარბი წონა), დეპრესია, სმენის დაქვეითება და გენეტიკური მიდრეკილება.
Facebook Forum