ყოველ მე-4 ადამიანს გამოუცდია ფსიქიკური, ან ნევროლოგიური აშლილობა, მაგრამ უმეტესობა, დაახლოებით 3/4 ექიმს არ მიმართავს. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ფსიქიკური აშლილობები სტიგმას, სტერეოტიპებს, შესაძლო დისკრიმინაციას უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მიზეზი შეიძლება ინფორმაციის, ან მატერიალური რესურსის ნაკლებობაც იყოს.
საუბარია ფსიქიკური პრობლემების ფართო სპექტრზე, დაწყებული პანიკური შეტევებით, თუ დეპრესიით და შიზოფრენიით, თუ ეპილეფსიით დამთავრებული. ეს მაშინ, როცა “მეცნიერება, ეთიკა და გამოცდილება კარგად გაკვალულ გზას გვთავაზობს” - ამბობს ფსიქიატრი ბენადეტო სარაცენო.
ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დეპრესიაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობად ითვლება. დეპრესია დედამიწაზე 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. ის ყველა რასის და ეთნოსის ადამიანს ეხება, მდიდარს თუ ღარიბს, ახალგაზრდას თუ მოხუცს, ყველა ქვეყანაში და ყველა ტიპის საზოგადოებაში.
კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს ბევრი პრობლემის შემსუბუქება შეუძლია, მათ შორის პანიკური აშლილობის, ძილის აშლილობის, ქცევითი აშლილობის, თუ დეპრესიის ეპიზოდების. რეგულარულ ვარჯიშში იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, რომელიც კვირაში ჯამში, დაახლოებით 2.5 საათს, ან მეტს შეადგენს.
სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, ვინც კვირაში ოთხ-ხუთჯერ, დაახლოებით 45 წუთი ვარჯიშობს, გაცილებით ნაკლები ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ფიზიკური აქტივობებით არ არის დაკავებული.
მეცნიერებმა 18 წლის ზევით, მილიონზე მეტი ამერიკელის ჯანმრთელობის ისტორია შეისწავლეს. კვლევა მონაცემთა ბაზით შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა უზრუნველყო. 1 237 104 ადამიანს შორის ორივე სქესი, ყველა რასა, სხვადასხვა დონის განათლების, განსხვავებული სოციალური და ეთნიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი.
საინტერესო დეტალი: ფსიქიკური პრობლემები ყველაზე ნაკლებად იმ ადამიანებში დაფიქსირდა, ვინც რეგულარულად გუნდურ სპორტს თამაშობს, ან ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში განსხვავება სპორტის, თუ ვარჯიშის ტიპის სახეობებს შორის ძალიან დიდი არ არის.
ციფრებში კვლევის შედეგები ასე გამოიხატება: გამოკითხულებს შორის, ყველა სახის რეგულარული ვარჯიში ასოცირდება ნაკლებ ფსიქიკურ პრობლემასთან. განსხვავებამ, მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს, შეადგინა ყველაზე ცოტა - 11.8% და მაქსიმუმი - 22.3%. იმ ადამიანებში, ვინც გუნდურ სპორტს თამაშობს, ფსიქიკური აშლილობების ეპიზოდის შანსი 22.3 პროცენტით ნაკლებია. ჯგუფთან ერთად მოვარჯიშეებში - 21.6 პროცენტით ნაკლებია, აერობიკით და სხვა ტიპის ვარჯიშით დაკავებულებში - 20.1.
მეცნიერები ამ კვლევაში ჯერჯერობით ზუსტად ვერ განმარტავენ იმ მექანიზმს, თუ როგორ ახერხებს რეგულარული ფიზიკური აქტივობა დეპრესიის, თუ პანიკური აშლილობის ეპიზოდების შემცირებას. აშკარაა, რომ ვარჯიში დადებითად მოქმედებს ფსიქიკური დაავადებების ერთ-ერთ ან რამდენიმე ასპექტზე, რომელთა შორის ასახელებენ ბიოლოგიურ, კოგნიტურ და სოციალურ ასპექტს.
დღითი-დღე მატულობს იმ კვლევების რაოდენობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე რეგულარული ვარჯიშის კეთილ გავლენას ადასტურებს სხვადასხვა დაავადებების პრევენციის, ან მკურნალობის საქმეში. კარგადაა ცნობილი ფიზიკური აქტივობის დადებითი ზემოქმედების შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ინფარქტებით, ინსულტებით, დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციაში. თუმცა, იმავე ინტენსივობით კვლევები ფსიქიკური აშლილობის მიმართულებით ჯერჯერობით არ ჩატარებულა.
რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ნაშრომი, რომელიც „ალცჰაიმერის ასოციაციის ჟურნალში“ გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს გავლენის მოხდენა ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაზეც შეუძლია. ადამიანებში, ვინც ატარებს იმ გენეტიკურ მუტაციას, რომელიც ალცჰაიმერს იწვევს, რეგულარული ვარჯიში დაავადების რისკს ამცირებს. ამ შემთხვევაშიც საუბარია კვირაში მინიმუმ 2.5 საათ ფიზიკურ აქტივობაზე.
Facebook Forum