ლვივზე საჰაერო თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვივში საცხოვრებელი სახლი დაბომბა. საჰაერო იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ცხრა მოქალაქე.

ლვივის მერი, ანდრი სადოვი ამბობს, რომ რაკეტამ დაახლოებით 60 ბინა და 50 ავტომობილი დააზიანა. მერმა ეს თავდასხმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ყველაზე დიდ თავდასხმად შეაფასა.

"მტერს აუცილებლად გავცემთ შესაბამის პასუხს, რომელსაც ხელშესახები შედეგი ექნება", - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ "ტელეგრამზე".

ლვივი უკრაინის დასავლეთში, პოლონეთის საზღვართა ახლოს მდებარეობს. საომარი მოქმედებებიდან, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ისე - სამხრეთში, ის საკმაოდ შორსაა.

პარალელურად, გრძელდება რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა. ოთხშაბათს "სი-ენ-ენ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას კონტრიერიშის დაწყება უფრო ადრე სურდა, მაგრამ ეს ამერიკისა და ევროპელი მოკავშირეებისგან შესაბამისი ტექნიკისა და იარაღის მიწოდების ვადებზე იყო დამოკიდებული.

"ყველას ესმოდა, რომ თუკი კონტრიერიში უფრო გვიან დაიწყებოდა, ჩვენი ტერიტორიის კიდევ უფრო დიდი ნაწილი იქნებოდა დანაღმული. ჩვენ მტერს მეტი მიწის დანაღმვის და თავდაცვის ხაზების მომზადების საშუალება და დრო მივეცით", - თქვა ვოლოდიმის ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელთან საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკული ავიაგამანადგურებლების - F-16-ების საჭიროებას და თქვა, რომ ეს უკრაინას საავიაციო უპირატესობას ვერ შეუქმნის, მაგრამ მისცემს საშუალებას, რომ რუსულ ძალებს თანასწორი წინააღმდეგობა გაუწიოს. გასულ კვირას დანიამ განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16-ების სამართავად უკვე დაწყებულია.