რუსეთში საპარლამენტო არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დაიწყო

დღეს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. სამდღიან კენჭისყრას წინ უენთუზიაზმო საარჩევნო კამპანია და ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიის ხმების ჩახშობის არაერთი მცდელობა უძღოდა.

ასევე ნახეთ: რუსეთში არჩევნები ახლოვდება - მედია და დამკვირვებლები კვლავ წნეხის ქვეშ არიან


ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ერთიანი რუსეთი" - ვლადიმირ პუტინის ერთგული, მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში თავის უპირატესობას დაკარგავს, მაგრამ არჩევნები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ის ამ დრომდე არსებული უმრავლესობის ორ მესამედს - საკონსტიტუციო უმრავლესობას. ასევე იმას, შეარყევს თუ არა ამომრჩევლის ნაკლები აქტივობა პარტიის პრესტიჟს და აღმოჩნდება თუ არა ეფექტური სტრატეგია ალექსეი ნავალნის "გონიერი კენჭისყრის" ინიციატივა.

კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსი ანდრეი კოლესნიკოვი "ასოშეიტედ პრესთან" საუბარში ამბობს, რომ ეს არჩევნები პოლიტიკურ ისტორიაში დიდ კვალს ნამდვილად არ დატოვებს. ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მიუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება უეჭველად "ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ცხოვრებაში".

წელს არჩეული პარლამენტის ახალი მანდატი კვლავ ძალაში იქნება 2024 წელს, როდესაც ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და მან შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა ან ძალაუფლებაში დარჩენის სხვა გზა აირჩიოს. დუმას 450 მანდატის ნახევრისთვის, რომელსაც პარტიული სიით ირჩევენ, ოფიციალურად 14 პარტია იბრძვის. ის 5 % კი, რომელიც "ერთიანი რუსეთის" გარდა, სხვა პარტიებს უკავიათ, კრემლის პოზიციებს სერიოზულად თითქმის არასდროს უპირისპირდება.