რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მომავალი

გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსეთის ქმედებების გამო უკრაინის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობები იზრდება
საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, უკრაინაში ქვეყნის დიდი უმრავლესობა წლების მანძილზე თვლიდა, რომ მისი მომავალი ასე თუ ისე რუსეთს უკავშირდებოდა. ეს შეხედულება დროდადრო თანდათან იცვლებოდა. ბოლო თვეების მოვლენებმა, კერძოდ კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ამბოხში მოსკოვის აშკარა მონაწილეობამ სიტუაცია დრამატულად შეცვალა. ამას კიევში მდებარე რაზუმკოვის ცენტრის ბოლო კვლევაც ადასტურებს.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მომავალი


„მთავარი დასკვნა, რაც აქედან გამოვიტანეთ, არის ის, რომ სიტუაცია უკრაინაში რადიკალურად შეიცვალა“ - ამბობს ანდრი ბიჩენკო, ცენტრის სოციოლოგიურ კვლევათა დირექტორი. დღეს უკვე მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობაშია.

„მთავარი მიზეზი, რამაც უკრაინის საზოგადოებრივი აზრის ასეთი სწრაფი ცვლილება გამოიწვია და ის უფრო პროევროპული გახადა, ძირითადად რუსეთის აგრესიაა“ - აღნიშნავს ანდრი ბიჩენკო.

აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი, სადაც პრორუსი სეპარატისტები ბევრად უფრო აქტიურობენ, გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 22 პროცენტს სურს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა, 32 კი აცხადებს, რომ უკრაინა უფრო ახლოს ევროკავშირთან უნდა იყოს. დანარჩენს ან განსხვავებული შეხედულება აქვს, ან საერთოდ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

თუმცა, რუსეთის პოპულარობის ვარდნა არ არის ერთადერთი შედეგი, რაც რუსეთის ღია აგრესიამ მოიტანა - აცხადებს რუსეთიდან გაძევებული ექსპერტი იგორ სუტიაგინი, რომელიც ახლა ლონდონის სამეფოს გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტში მუშაობს. მისი აზრით, კრემლმა უკრაინის აღმოსავლეთში ამბოხებულთა გაძლიერებით, რომელთა შორის ბევრი წარმოშობით რუსია, ისეთი პრობლემა შექმნა, რომელიც შესაძლოა თავად მასვე ცუდად მოუბრუნდეს.

„ისინი ამჟამად უკიდურესად რადიკალიზებული არიან. მათ ერთგვარი თავისუფლების შეგრძნება აქვთ, მიღებული წესრიგის და კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ილუზია გაუჩნდათ. ამბოხებულებს შეიარაღებაც გააჩნიათ. აღმოსავლეთ უკრაინაში არასტაბილურობა იმაზე დიდ მასშტაბებს აღწევს, ვიდრე რუსეთს ეს კიევის პოლიტიკის გასაკონტროლებლად სჭირდება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სუტიაგინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახალი პრობლემა ელის. ყირიმის სწრაფმა ანექსიამ რუსეთში ადგილობრივ მოსახლეობაში მთავრობის მიმართ მოლოდინი გაზარდა. ისინი აღმოსავლეთ უკრაინის ასევე ადვილად და სწრაფად დაპყრობას ელოდნენ. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება და რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას გადააწყდება.

ამასობაში სხვა პრობლემებიც იჩენს თავს. გარდა იმისა, რომ სამხედრო ოპერაცია თავისთავად ძვირი დაჯდება, უკრაინის ტერიტორიებს თავისი რთული ეკონომიკური პრობლემებით, მსხვილი სუბსიდიები დასჭირდება. პარალელურად, კიდევ უფრო გამკაცრდება დასავლეთის მიერ უკრაინაზე დაწესებული სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. საბოლოო ჯამში კი ამ ფასად მოპოვებული უკრაინული ტერიტორიები არც ისე მომხიბვლელ პერსპექტივად გამოჩნდება.

„რუსეთს ყირიმიც საკმაოდ ძვირი დაუჯდა და მისი მონელება გაუჭირდა კიდეც. წარმოუდგენელია უკრაინის სხვა ნაწილების გადაყლაპვა შეძლოს. არადა, რუსეთის მოსახლეობაში ამგვარი მოლოდინია. ასე რომ, ესეც დამატებით სირთულეებს ქმნის“ - ამბობს იგორ სუტიაგინი.

როცა უკრაინაში კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული სეპარატისტების ვიდეოკადრებს უყურებ, რომელთაც რუსეთი უმაგრებს მხარს, თან უკრაინის საზღვარზე განლაგებულ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს ადევნებ თვალს, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ომი გარდაუვალია. ის მართლაც შეიძლება მოხდეს. თუმცა, ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ სიძვირის და დასავლეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების გამო პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა ამ ეტაპზე სამხედრო ჩარევისგან თავი მაინც შეიკავოს.