ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესის ინციდენტის გამოძიება გრძელდება


კულიკოვოს ველზე, ვაჭრობის მუშაკთა პროფკავშირების შენობის სახურავზე, უკრაინის დროშის უკან კომუნისტების დროშა ფრიალებს, რომელიც იქ პრორუსმა აქტივისტებმა დააყენეს. ნაგებობას ძლიერი ხანძრის კვალი ეტყობა. შენობის შიგნით გამომწვარ ოთახებში ბარიკადების ნარჩენები, რომელთაც ხანძრის დროს შენობის კარი დაბლოკეს, ჯერ კიდევ გატანილი არ არის.
ბმული

ფოტოებზე დამწვარ ადამიანთა გვამებს შორის ბევრია ისეთი, რომლებიც უცნაურ პოზაში არიან დაღუპულები. გამომძიებლების აზრით, ისინი ხანძრისგან თავის დაღწევას და გაქცევას არც კი ცდილობდნენ. საეჭვოა ისიც, რომ ვაჭრობის მუშაკთა პროფკავშირების ბევრი ოთახი დამწვარი არ არის და მათი გასასვლელები ღიად არის შენარჩუნებული.

ორშაბათს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 2 მაისს იქ ადამიანები შესაძლოა ხანძრის გამო დაგროვილი კვამლით არ გაგუდულიყვნენ. გამოძიება გრძელდება და ერთ-ერთი ვერსიით, ოდესელების დაღუპვა შენობაში ქლოროფორმით მოწამლვის გამო მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურა. სერგეი ლავროვმა აღშფოთება გამოხატა და უკრაინის ოფიციალური წრეები დაქირავებული უცხოელების კვალის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.

ოდესის რეგიონალური გუბერნატორის მოადგილე ზოია კაზანჟი ამბობს, რომ უკრაინელთა საქმეებში ამგვარი უხეში ჩარევა ყოვლად მიუღებელია. „დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი და მკვეთრად უარყოფითია. უმაღლეს დონეებზე მუდმივად ვაცხადებთ, რომ ეს ჩვენი საქმეა. სამწუხაროდ, პოლიტიკური მდგომარეობა და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირების ქცევა ისეთ სიტუაციაში გვაგდებს, რომ უკვე ძალიან ჭირს ერთმანეთი და-ძმად აღვიქვათ და უახლოეს მომავალში მეგობრულ ერებად დავრჩეთ“ - აცხადებს ის.

ჟურნალისტი ოქსანა ბუტუკი ამბობს, რომ რუსეთის დამოკიდებულება საპირისპირო რეაქციას იწვევს, თავად ოდესის პრორუს მოსახლეობას შორისაც კი. მისი თქმით, „იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ დადის კულიკოვოს ველზე, უბრალოდ იქ ყოფნა უნდათ. რუსეთს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა რუსეთი ჩარევას ცდილობს, ხალხი აგრესიული ხდება“.

შენობასთან მისულებს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურთ და ძალზე ემოციურები არიან. მათი განწყობები უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქებისგან განსხვავდება. ოდესელები უკრაინისგან გამოყოფაზე არ ლაპარაკობენ.

„უკრაინა უკრაინაა. არავინ აპირებს გამოყოფას ისე, როგორც ამას მედია აჩვენებს, ძირითადად ნაციონალური ტელევიზია. ოდესა არასოდეს გამოეყოფა უკრაინას“ - ამბობს მარინა პერელმანი, ბაზარზე მომუშავე ადამიანი.

ცნობა ოდესაში დაღუპულთა ქლოროფოლმით შესაძლო მოწამლვის შესახებ ახალი სპეკულაციების საფუძველს აჩენს, თუმცა, უფრო მმართველ წრეებში და არა რიგით მოსახლეობაში. ზოია კაზანჟი ამბობს, რომ ამ ვერსიის გამართლების შემთხვევაშიც კი, ეს ძალადობის ზრდას არ გამოიწვევს. მისი თქმით, „ყველაზე მთავარი მომხდარის შესახებ სიმართლის შეტყობაა. ეს არის ერთადერთი, რასაც როგორღაც შეუძლია თუ ქალაქის გაერთიანება არა, ყოველ შემთხვევაში, დაწყნარება მაინც“.

რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს მიაჩნია, რომ სიმართლე ყოველთვის დამამშვიდებელია და ის, რაც მაისის დასაწყისში ოდესაში მოხდა, აღარ განმეორდება. ახალი რეგიონალური მთავრობა ცდილობს უფრო მეტი ყურადღება ახლა გამოძიების დასრულებაზე გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG