ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: რა შედის ნატოს შესაძლო მოქმედების არეალში?


ნატოს მიერ მიღებულ ზომებს შორისაა 600 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. ამასთან, შეერთებული შტატები 12 ეფ-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს აგზავნის პოლონეთში. ვაშინგტონმა ასევე დაამტკიცა 8 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლითაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის, საკომუნიკაციო და ბომბების დეტექციის სისტემები მიეწოდება.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს რუსეთის ექსპერტი სტივენ ბლენკი აცხადებს, რომ ნატოს მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის:

„არ მგონია ეს სათანადო გზავნილი იყოს. ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის დასაწყნარებლად გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინს ვერ შეაკავებს. პუტინს ის შეაკავებდა ნატომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, უკრაინაში რომ გაგზავნოს ქვეითი ჯარები და საჰაერო ძალები. ეს ნაბიჯი მოსკოვში ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ნატო ამას არ გააკეთებს.“

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბჟეზინსკი მბობს, რომ ნატოს რამდენიმე სხვა ნაბიჯის გადადგმაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად:

„ამაში, პირველ რიგში, შედის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რომელიც დღემდე აღმოჩენილ არალეტალურ დახმარებას გასცდება. მე ამ დახმარებაში შევიყვანდი ანტი-სახმელეთო და ანტი-საჰაერო რაკეტებს, ისეთ იარაღს, რაც რუსეთის შესაძლო სახმელეთო ოპერაციას უკრანაში მნიშვნელოვნად გაართულებდა. მეორე, მე დასავლეთს ვურჩევდი, იდეალურ შემთხვევაში ნატოს - მაგრამ ეს შეიძლება ევროპულ-ჩრდილოეთ ამერიკული კოალიციაც იყოს - უკრაინაში გაგზავნონ ISR-ის ტიპის სადაზვერვო თვალთვალის პლატფორმები.“

28 წევრიანი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების „კოლექტიური თავდაცვის“ გარანტიას ალიანსის ქარტიის მეხუთე მუხლით იძლევა. თუმცა, ნატოს ექსპერტი შონ კეი ამბობს, რომ მე-5 მუხლი უსაფრთხოების ავტომატური გარანტია არ არის.

„თუ ყურადღებით შევხედავთ მე-5 მუხლს, ის ამბობს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა და ასეთ შემთხვევაში ალიანსის წევრები შეიკრიბებიან სათანადო რეაგირების გეგმის შესამუშავებლად, რაშიც სამხედრო რეაგირებაც შედის. ცივი ომის დროს გერმანიაში - ეგრეთ წოდებულ, წინა ხაზზე - ამერიკული ჯარების დიდი რაოდენობით დისლოცირება ნატოს მე-5 მუხლის ამუშავების ავტომატური გარანტია იყო. მაგრამ დღეს მდგომარეობა სხვანაირადაა- წინა ხაზზე ჯარების მხოლოდ სიმბოლური რაოდენობაა განლაგებული ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში და ისიც როტაციული განრიგით.“

კეი ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო რომ დაიძაბოს, არ ჰგონია, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დიდი რაოდენობით ჯარს გაგზავნის:

„ამასთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოგვიწევს. შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯის გადადგმა რომც მოინდომოს, მაინც მოკავშირეებთან უნდა შეათანხმოს იმისთვის, რომ ნატოში კონსესუსის პრინციპით გადაწყვეტილებების მიღების სისტემა შენარჩუნდეს. ნატო შეიძლება პოლიტიკურად გაიყოს იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხის გარშემო ზედმეტი ზეწოლა გამოიკვეთა.“

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჩარლზ კუფჩანი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პროვოცირებით რუსეთმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც ცივი ომის შემდეგ არ გადაუდგამს:

„დღეს ბევრი ამბობს, რომ რუსეთთან ფრთხილი მიდგომა გვჭირდება. ახლა არის დრო ნატოს საკუჭნაოებიდან გამოვიღოთ წინა ხაზის დაცვის გეგმები. ჩვენ მზად უნდა ვგქონდეს გეგმა იმისთვის, თუ რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა და იქ მდგომარეობის დაძაბვა გააგრძელა.“

კუფჩანი ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისი ძალიან ჰგავს ცივი ომისდროინდელ კონფლიქტებს, თუმცა მათ ინტენსივობით ჩამოუვარდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვითარება შეიძლება საგანგაშო მიმართულებით განვითარდეს გამომდინარე იქიდან, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი.
XS
SM
MD
LG