ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი რუსეთს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება


რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები ელის, თუკი ის 25 მაისს უკრაინაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდება

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ლონდონში შეკრებილი დასავლეთის ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთს კიდევ უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუკი ის 25 მაისს უკრაინაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდება. ლონდონში გამართულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი მასპინძლობდა, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ჩასული კოლეგებიც ესწრებოდნენ.

„რუსეთის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ განსაზღვრავს დაუწესდება თუ არა მას უფრო ფართო ეკონომიკური და სავაჭრო სანქციები“ - აცხადებს უილიამ ჰეიგი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი.

ამჟამად პრორუს სეპარატისტებს მთელ რიგ უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში სამთავრობო შენობები დაპყრობილი აქვთ. ორ ქალაქში სუვერენიტეტია გამოცხადებული და იქ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობენ. უილიამ ჰეიგი არ აკონკრეტებს, თუ კერძოდ რა ქმედებაზე აგებს პასუხს რუსეთის ხელისუფლება.

„ჩვენ ვერ ვიტყვით და არც გვსურს ზუსტი განმარტების მიცემა. თუკი ჩვენ წითელ ზოლს გავავლებთ, რუსეთმა იცის, რომ მას იმ ზღვრამდე ქმედებისთვის სანქციები არ დაუწესდება“ - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მოსკოვისადმი გზავნილი საკმაოდ მარტივად გამოიყურება: „მივცეთ უკრაინას ხმის მიცემის უფლება. მივცეთ უკრაინელ ხალხს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. და მივცეთ მათ უფლება ეს პროცესი სამართლიანი, ღია, თავისუფალი და ხელმისაწვდომი არჩევნების გზით გააკეთონ“- აცხადებს ჯონ კერი.

რუსეთზე დაწესებული სანქციები, კერძოდ კი -ნავთობზე და ბუნებრივ აირზე- ევროპაზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე შეერთებულ შტატებზე - ამბობს ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი კიტ დარდენი.

„ჩვენთვის ადვილია სანქციების დაწესებაზე საუბარი, რადგან ჩვენ ის გაცილებით იაფი დაგვიჯდება, ყველა დანარჩენს კი - გაცილებით მეტი. ევროპელებს სანქციები ძალიან ძვირი დაუჯდება. მიტომ მათ ძლიერი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენონ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ“ - აღნიშნავს პროფესორი დარდენი.

ჯონ კერი იმედს იტოვებს, რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს თავს აარიდებს და პროცესის დეესკალაციას შეეცდება.

„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ხმის მიცემის პროცესის ხელშეწყობაში შემოგვიერთდება და პრორუს სეპარატისტებს მოუწოდებს პროცესში ჩაერთონ და მას მუშაობის შანსი მისცენ“- აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

კერი უკრაინაში ოთხშაბათს დაწყებულ ეროვნული გაერთიანების საკითხებზე მოლაპარაკებას გულისხმობს, რომელში მონაწილეობაზე პრორუსმა სეპარატისტებმა უარი განაცხადეს. ჯონ კერის თქმით, პროცესი „სერიოზულ, კონკრეტულ გეგმებს“ მოიცავს, რომელიც ავტონომიების გაზრდას და ძალაუფლების დეცენტრალიზაციასაც გულისხმობს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ კიევის მიერ შეთავაზებული თვითმმართველობის გეგმა „დიდად აჭარბებს რუსეთის ნებისმიერ კუთხეში არსებულ ავტონომიურ უფლებებს და ძალაუფლების დეცენტრალიზაციას“.
XS
SM
MD
LG