ორშაბათს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ-ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ქალაქ სოჭში შეხვდებიან. ინფორმაციას თურქეთის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.
ორი ქვეყნის ლიდერთა მოლაპარაკების მთავარი თემა სირია იქნება. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ძალები იდლიბის პროვინციაზე იერიშისთვის ემზადება. რუსეთი ასადის მთავარი მხარდამჭერია.
საერთაშორისო საზოგადოებაში იზრდება შეშფოთება იდლიბზე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით. პროვინციას სირიის ოპოზიცია აკონტროლებს და ეს მათი ბოლო სიმაგრეა. იდლიბი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ცხოვრობს, თურქეთს ესაზღვრება. ამიტომ, მოვლენების მსგავსი განვითარება ანკარისთვისაც მნიშვნელოვანია.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ასადის მხარდაჭერაზე მიანიშნა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ძალასთან, რომელიც იდლიბში გამაგრებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს ებრძვის. თუმცა, ჩავუშოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების და ბავშვების დაღუპვას გამართლება არ აქვს.