სირიის პროვინცია იდლიბი ერთ-ერთი ყველაზე საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი თავშესაფარი იყო ათასობით სირიელისთვის. მთელი ქვეყნიდან ომის საშინელებებს მოქალაქეები თუ ოპოზიციონერი მებრძოლები სწორედ იდლიბს აფარებდნენ თავს. თუმცა ახლა ეს ქალაქი კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშეა, რადგან სამთავრობო ძალები სწორედ მის დაკავებაზე აკეთებენ კონცენტრაციას.
თურქეთის საზღვართან და ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქს წლების მანძილზე სუნიტი მებრძოლები აკონტროლებდნენ, ძირითადად ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ძალები. ისინი თვეების მანძილზე ელოდნენ ბაშარ ალ-ასადის შეიარარებული ძალებისგან თავდასხმას.
გაეროს განცხადებით, მოსალოდნელია უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ერთადერთი, რამაც შესაძლოა ეს ყველაფერი შეაჩეროს და ვითარება შეცვალოს, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერების შეხვედრა და მათი შესაძლო გადაწყვეტილებაა. ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, თეირანში ხვდებიან.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ასადი და მისი მოკავშირეები რუსეთი და ირანი, არ გაბედონ იდლიბზე "უგუნური თავდასხმა". პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი თავდასხმის შედეგად, ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. თუმცა ვაშინგტონის გაფრთხილება, ექსპერტების აზრით, სირიის ლიდერს არ შეაჩერებს.
Facebook Forum