ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთი იდლიბის შტურმს მხარს უჭერს


რუსეთიც შეუერთდა ირანის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც თეირანი მხარს უჭერდა სირიის მთავრობის მიერ იდლიბზე იერიშის მიტანას. იდლიბის პროვინცია სირიელი ამბოხებულების კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო გამაგრებული წერტილია.

დღეს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ იდლიბი ტერორიზმის ბოლო ბუდეა. პესკოვის თქმით, იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია ხელს უშლის სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით ამოწურვას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” სირიის მთავრობა გააფრთხილა, იდლიბზე “უპასუხისმგებლო” იერიშისგან თავი შეეკავებინა. დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ორ მთავარ მხარდამჭერსაც თავშეკავებისკენ მოუწოდა.

“რუსები და ირანელები გამოუსწორებელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუკი ამ პოტენციურად საკაცობრიო ტრაგედიაში მონაწილეობას მიიღებენ. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ნუ დაუშვებთ ამას! - წერდა პრეზიდენტი ტრამპი “ტვიტერზე”.

თურქეთში, პარასკევს, ირანს და რუსეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ იდლიბის ბედი იქნება.

იდლიბის პროვინციაში ახლა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იმყოფება. გაერო შიშობს, რომ სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შემთხვევაში, ჰუმანიტარული კრიზისი გარდაუვალი გახდება.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან გრძელდება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებმა, ირანის და რუსეთის დახმარებით, ამბოხებულების მიერ დაკავებული სტრატეგიული ობიექტების უმეტესი ნაწილი დაიბრუნეს. ზოგი ქალაქი ამბოხებულებმა წინასწარ გამართულ მოლაპარაკებებზე იმ პირობით დათმეს, რომ მათ იდლიბში წასვლის უფლებას მისცემდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG