რუსეთი რადიაციისადმი მედეგი მობილური თავშესაფრების მასობრივ წარმოებას იწყებს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბომბებისგან მობილური თავშესაფრების მასობრივი წარმოება დაიწყო. თავშესაფარს სხვადასხვა ხელოვნური საფრთხისგან და სტიქიური უბედურებებისგან, მათ შორის, რადიაციისგან და დარტყმითი ტალღისგან დაცვა შეუძლია.

ინსტიტუტის თანახმად, KUB-M თავშესაფარი გამაგრებულ სატვირთო კონტეინერს ჰგავს. მას რადიაციისგან, ნამსხვრევებისგან, ნანგრევებისგან და ცეცხლისგან გარკვეულწილად დაცვის უნარი აქვს და შესაძლებელია რუსეთში, ჩრდილოეთის მუდმივად მზრალი ნიადაგის მქონე (მთელი წლის განმავლობაში გაყინული ნიადაგის ზედა ფენის) დიდ ტერიტორიებზე განლაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტანდარტულ ერთეულს 54 ადამიანის დატევა შეუძლია, მაგრამ დამატებითი მოდულების დამატებაც არის შესაძლებელი.

ასევე ნახეთ: პესკოვი: პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზადაა, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით მიზნები არ შეცვლილა

უკრაინაში ომი, როგორც ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს, შესაძლოა მის ბოლო - ყველაზე საშიშ - ფაზაში შედის. რუსული ძალები წინ ყველაზე მაღალი ტემპით მიიწევს, რაც კი 2022 წელს, კონფლიქტის პირველი კვირებიდან ჰქონდა, დასავლეთს კი უკრაინის გაძლიერება სურს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა თავისი ნაბიჯი არცერთ მიმდინარე კონფლიქტს არ დაუკავშირა, თუმც მისი განცხადება დაემთხვა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უკრაინას ნება დართოს ამერიკული შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს.

ორშაბათს, 18 ნოემბერს, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი პასუხს გასცემს, როგორც თვითონ უწოდა, ბაიდენის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას და გააფრთხილა, რომ ასეთ ნაბიჯს, კონფლიქტში შეერთებული შტატების პირდაპირი ჩართვა შეეძლება.