რუსეთი დამატებით საპოლიციო აღჭურვილობას იმარაგებს

რუსეთის პოლიცია 26 მარტის ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობს.

სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტები აჩვენებს, რომ მოსალოდნელი საპროტესტო აქციების წინ, რუსეთმა სამართალდამცავებისთვის არეულობის საწინააღმდეგო კომპლექტების და პოლიციის დამცავი აღჭურვილობის შესაძენად ტენდერები გამოაცხადა. ციხეში დატუსაღებული კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ეს პროტესტები რუსეთის თანამედროვე ისტორიაში უდიდესი მასშტაბის იქნება.

44 წლის ნავალნი, როგორც თვითონ ამბობს, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, ციხეში თებერვალში გაამწესეს. ოთხშაბათს მან შიმშილობა გამოაცხადა მოთხოვნით, რომ ციხის ადმინისტრაციამ მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს. ნავალნი ამბობს, რომ ზურგის და ფეხების მწვავე ტკივილი აქვს.

ნავალნის მოკავშირეებმა, რომლებმაც მისი გათავისუფლების მოთხოვნით ზამთარში სამი დემონსტრაცია მოაწყვეს, თქვეს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლების თარიღს მაშინ გამოაცხადებენ, როდესაც 500 ათასი მონაწილე დარეგისტრირდება. ამ დროისთვის დაახლოებით 370 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული.

ხელისუფლებამ ქუჩის ასეთი დემონსტრაციები უკანონოდ გამოაცხადა და მათი დაშლის პირობა დადო.

ასევე ნახეთ: კრემლი: ევროპული სასამართლოს მიერ ნავალნის გათავისუფლების მოწოდება მიუღებელია

რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ინტერნეტ პორტალზე, 30 მარტს გამოქვეყნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი, პოლიციისთვის 2 ათასზე მეტ არეულობის საწინააღმდეგო აღჭურვილობის კომპლექტს ითხოვს, რომლის ღირებულებაც 239 მილიონი რუბლია (3.15 მილიონი დოლარი).

სამინისტრომ ასევე გამოაცხადა ტენდერი 1625 დამცავ კომპლექტზე, 200 მუზარადზე და 400-ზე მეტ ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე.

თებერვალში, ნავალნის მხარდასაჭერი ეროვნული მასშტაბის გამოსვლების შემდეგ, ციხეების სამმართველომ ასობით ელექტროშოკის, კვამლის ხელყუმბარის და დამცავი აღჭურვილობის შესაძენი ტენდერი გამოაცხადა.

ასევე ნახეთ: შეერთებული შტატები რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს

ნავალნი იანვარში დააპატიმრეს, როდესაც რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ციმბირში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. გერმანელმა სამხედრო ექიმებმა თქვეს, რომ ის ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მოსკოვმა ასეთ მოწოდებებს მის საშინაო საქმეებში მიუღებელი ჩარევა უწოდა და განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლის დამამტკიცებელი სამხილი არ უნახავს.