ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ნავალნის მოწამვლისთვის რუსეთს სანქციებს დაუწესებს


მოსალოდნელია, რომ სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს სადამსჯელო სანქციები დაუწესოს.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესების შესახებ, მის წინამორბედ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო მკაცრ პოზიციას ასახავს. გასულ აგვისტოში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამსჯელი სანქციები არ აამოქმედა.

სამშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ ნავალნის მიმართ მოპყრობის თაობაზე ნებისმიერი ახალი ამერიკული სანქციები თავის მიზანს ვერ მიაღწევს და უკვე დაძაბული ურთიერთობის მხოლოდ გაუარესება შეუძლია.

ორშაბათს, წყაროებმა ანონიმურობის პირობით თქვეს, რომ მოსალოდნელია შეერთებულმა შტატებმა იმოქმედოს შემდეგი საპრეზიდენტო განკარგულებების საფუძველზე: განკარგულება 13661, რომელიც რუსეთის ყირიმში შეჭრის შემდეგ გამოიცა და რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ფართო მოქმედების საშუალებას იძლევა და 2005 წელს გამოცემული განკარგულება 13382, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

ორივე განკარგულება შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს სამიზნე სუბიექტებს შეერთებულ შტატებში არსებული ქონება გაუყინოს და ამერიკულ კომპანიებს და მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალოს.

წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე დაგეგმა გამოიყენოს 1991 წლის კანონი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის და საბრძოლო გამოყენების აკრძალვის შესახებ, რომელის სადამსჯელო ზომების მთელ ნუსხას შეიცავს.

წყაროებმა თქვეს, რომ სანქციების სამიზნე ზოგიერთი პირის ვინაობა შეიძლება უკვე სამშაბათს გამოცხადდეს, თუმცა მათი სახელები და ის, თუ რომელი დამატებითი სანქცია შეიძლება დააწესონ არ გაამხილეს.

მესამე წყაროს ცნობით, შესაძლოა ამერიკული სანქციების ევროკავშირის სანქციებთან კოორდინირება მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტს შესაძლო სანქციების თაობაზე კომენტარი სთხოვეს, თუმცა კომენტარის თხოვნაზე სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG