ასობით რუსმა ექიმმა ხელისუფლებას მოსთხოვა, ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლად აღმოუჩინონ. იმავდროულად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება იზრდება.
დაახლოებით 500-მა ექიმმა და სამედიცინო ექსპერტმა მოაწერა ხელი ინტერნეტ პეტიციას, რომელიც 28 მარტს წამოიწყეს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას”-ს პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ვებგვერდ “ინსაიდერ”-ის ჟურნალისტმა ოლეგ პშენიჩნიმ უთხრა.
პეტიციაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ნავალნის გასინჯვის საშუალება უნდა მიეცეს დამოუკიდებელ ექიმს, რომელსაც ნავალნი ენდობა. უფრო უკეთესი იქნება, თუ ნავალნის გასინჯავენ ექსპერტები ბერლინის “ჩერიტე კლინიკიდან”, სადაც მას გასულ წელს, ციმბირში მოწამვლის შემდეგ უმკურნალეს, რადგან შესაძლოა მისი მდგომარეობის მიმდინარე გაუარესება, მის მოწამვლასთან იყოს დაკავშირებული.
“მოვითხოვთ, რომ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური, მასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ერთეული და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სასწრაფოდ ჩაერიოს ამ გარემოებაში და დაყოვნების გარეშე უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რათა შეიქმნას ყველა აუცილებელი პირობა, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმალიზება მოხდეს", - ნათქვამია პეტიციაში.