რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა ორშაბათს თქვა, რომ მოსკოვი უკრაინასთან ახლა, კურსკის რეგიონზე თავდადხმის პირობებში, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს, მაგრამ არც მანამდე წარდგენილ შეთავაზებებზე ამბობს უარს.
უშაკოვმა ეს კომენტარები სატელევიზიო ეთერში გააკეთა და თქვა, რომ "ამ ეტაპზე საუბარს არ აპირებენ".
რუსეთის საზღვარი, 6 აგვისტოს და მას შემდეგ, ათასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა და კიევის მტკიცებით, ახლა ის ათობით დასახლებას აკონტროლებს. ეს რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უცხო ქვეყნის ძალების ყველაზე მასშტაბური შეჭრაა, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის შეიარაღებული ძალების პრესტიჟს კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს.
ასევე ნახეთ: რუსეთი კურსკში მესამე ხიდის დაზიანებაზეც საუბრობსკითხვაზე, გაუქმებულია თუ არა ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ივნისში გაკეთებული შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე, უშაკოვი ამბობს, რომ არა. "ისინი (ის შეთავაზებები) გაუქმებული არაა. მაგრამ, ამ ეტაპზე ცხადია, ყოვლად შეუსაბამო იქნებოდა რაიმე ტიპის მოლაპარაკების პროცესში ჩართვა", - თქვა ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა. მას ჰკითხეს, რამდენხანს დარჩება ძალაში ეს შეთავაზებები, რაზეც თქვა, რომ არ იცის და ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ბრძოლის ბელზე არსებულ ვითარებაზე.
ივნისში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან ომს იმ შემთხვევაში დაასრულებდა, თუკი კიევი უარს იტყოდა ნატოში გაწევრიანების სურვილზე და თავის ოთხ რეგიონს რუსეთს დაუთმობდა. უკრაინის ამ ოთხ რეგიონს რუსეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. კიევი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.