მოსკოვის ცნობით, მათ ღამით უკრაინის ძალებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს

პრორუსი დაჯგუფების წევრები მარიუპოლთან, უკრაინა, 15 აპრილი, 2022 წ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით უკრაინის ძალებზე და მასთან ასოცირებულ ასობით სამიზნეზე მასშტაბური იერიში წამოიწყო. მოსკოვის განცხადებით, შეტევაში ჩართულია საჰაერო და სარაკეტო ძალები, არტილერია, თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები.

შედეგად, წინა ღამის განმავლობაში უკრაინის 16 სამხედრო ობიექტი განადგურდა, რომელთა შორის 5 მართვის ცენტრი იყო, ასევე - საწვავის დეპო, 3 ამუნიციის საწყობი, თვითმფრინავები "მიგ-29" და "სუ-25". მოსკოვის ცნობით, მათ იერიში ხარკივის, ზაპოროჟიის, დონეცკის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში და ასევე საპორტო ქალაქ მიკოლაივზე მიიტანეს, ჯამში 315 სამიზნეზე.

ასევე ნახეთ: "ჰაუბიცები", "ბუშმასტერები", ვერტმფრენები - სამხედრო დახმარება უკრაინისთვის 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა "გრანდიოზულ პროვოკაციებს" ამზადებდა, მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარი მსხვერპლით. ამის მიზეზი კი რუსეთის ძალების ცუდად წარმოჩენა იყო. კონკრეტულად, მოსკოვის ვერსიით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ უკრაინა გეგმავდა აღდგომის წინ, 23 აპრილის ღამით, დაებომბა მართლმადიდებლური ეკლესიები. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს მტკიცებულებები არ გამოუქვეყნებია.

ამ დრომდე, კიევს განცხადება არც ამ ბრალდებაზე გაუვრცელებია.