დრონებით თავდასხმა მოსკოვსა და ბელგოროდზე, დაღუპულია 3 ადამიანი - "ტასი"

რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვზე უკრაინული დრონის თავდასხმა აღკვეთა. თუმცა, მათივე განცხადებით, უკრაინის საზღვართან მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დრონი ერთ-ერთ სოფელში სანატორიუმს შეეჯახა, მეორე დრონი კი ჩამოაგდეს. მისივე განცხადებით, ორი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, მესამის გადარჩენას კი ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ.

ასევე ნახეთ: გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე - რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?

მოსკოვის სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს - მსხვერპლისა და დაზიანების გარეშე.

რუსეთის დედაქალაქზე თავდასმის მცდელობისას არავინ დაშავებულა, თუმცა დრონით მორიგმა თავდასხმამ მოსკოვი იძულებული გახადა, აეროპორტების მუშაობა ხანმოკლე დროით შეეჩერებინა.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დედაქალაქთან ახლოს, მოსკოვის რეგიონის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში ორი დრონი ჩამოაგდეს.

უწყების განცხადებით, მესამე დრონმა კონტროლი დაკარგა, თუმცა მაინც დაეჯახა მოსკოვის ბიზნეს ნაწილში მშენებარე მაღალსართულიან შენობას. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, შენობის სამ სართულზე, ფანჯრის შუშები დაზიანდა. ამ თვის დასაწყისში, მოსკოვის იმავე უბანზე დრონებით თავდასხმა სამი დღის განმავლობაში, ორჯერ მოხდა.

მომხდარზე და მოსკოვის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინა იშვიათად იღებს პირდაპირ პასუხისმგებლობას რუსეთის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებზე.