საუდის არაბეთის შუამავლობით რუსეთმა 10 უცხოელი ტყვე გაათავისუფლა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში დაკავებული 10 უცხოელი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. უწყების ცნობით, მათი გათავისუფლება საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით მოხერხდა.

საუდის არაბეთის ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ორი ამერიკელი, ხუთი ბრიტანელი, ერთი ხორვატიელი, ერთი მოროკოელი და ერთი შვედია. ოფიციალური რიადი მათ ვინაობას არ ასაჯაროვებს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს „სუპერგმირებს“ უწოდებს

რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორისაა აშშ-ის მოქალაქეე, 39 წლის ალექსანდრ დრუკე და 27 წლის ენდი ჰუიმი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ინფორმაცია მათი ოჯახის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ორივე მათგანი შტატ ალაბამადანაა და ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლისას დააკავეს.

უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრი უცხოელი გაემგზავრა.

„თვეების განმავლობაში გაურკვევლობისა და მათი ოჯახების ტანჯვის შემდეგ, ეს უაღრესად მისასალმებელი ამბავია“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრუსი.

ბრიტანელი კანონმდებლის რობერტ ჯენრიკის თქმით, გათავისუბლებულთა შორისაა ეიდენ ასლინი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მართულმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ კი მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას ადასტურებს, მედვედჩუკზე კი არ საუბრობს

ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა გათავისუბლებულებს შორის ბრიტანელები - შონ პინერი და მაროკოში დაბადებული ბრაჰიმ საადუნი, რომლებსაც ასევე სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.

შვედი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.