18-თვიანი ომის განმავლობაში პირველად, მოსკოვი ადასტურებს, რომ უკრაინაში „კინჯალის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა. კრემლის მტკიცებით, ეს ჰიპერბგერითი რაკეტებია, რომელთა შეჩერება მოწინავე საჰაერო სისტემებსაც არ შეუძლია.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა „სუ34“-ის მფრინავებს, რომლებმაც წარმატებით გამოიყენეს ჰიპერბგერითი იარაღი.
Your browser doesn’t support HTML5
გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როდის მოხდა „კინჯალების“ გამოყენება. მოსკოვი აქამდე ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა, მაშინ როცა უკრაინა და პარტნიორი სახელმწიფოები ამბობენ, რომ რუსეთი ჰიპერბგერით იარაღს უკრაინაში აქტიურად იყენებს, კერძოდ - კიევზე იერიშების დროს. თუმცა, ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემა „პატრიოტი“ რუსულ ჰიპერბგერით რაკეტებს წარმატებით უმკლავდება და ანადგურებს.
უკრაინის ხელისუფლება დედაქალაქის საჰაერო უსაფრთხოებისთვის ამერიკულ საჰაერო სისტემებს იყენებს, რომელიც ვაშინგტონმა კიევს რამდენიმე თვის წინ გადასცა.