პუტინის მემკვიდრის საკითხი გამოცანად რჩება

7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი 67 წლის გახდა. დაბადების დღის საღამოს, რუსეთის პრეზიდენტის გასვლა ციმბირის ველურ ბუნებაში, უფრო სეირნობისას ხედებით ტკბობას ჰგავდა, ვიდრე ტრადიციულ მეთოდს: პიროვნული, ან ფიზიკური ძალის დემონსტრირების სცენებს. ეს პრეზიდენტის წინა დაბადების დღეებთან შედარებით, ერთგვარი კონტრასტი იყო, რომელმაც ანალიტიკოსები დააფიქრა.

პუტინს თან ახლდა თავდაცვის მინისტრი, 64 წლის ციმბირელი სერგეი შოიგუ და რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლებიც იქვე იყვნენ. პუტინი ფოტოებზე აღბეჭდეს სოკოს კრეფისას და იმ დროს, როცა შემაღლებული ადგილიდან მდინარე ენისეის გაჰყურებდა და თან მეგზურთან საუბრობდა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტოები ტონით თითქმის ელეგიური იყო. გაჩნდა კითხვა: პუტინი ქვეყანას ცვლილებისთვის ამზადებს? თუ ის და მისი თანაშემწეები დაბადების დღეს უბრალოდ კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ ხალხი გაურკვევლობაში ამყოფონ?

რუსეთის თავდაცვის მინისტრი პუტინთან ერთად ციმბირში პირველად არ ისვენებდა. ახლა განსხვავება ის იყო, რომ ეს ყველაფერი, ძირითადად უტყვი თავდაცვის მინისტრის მიერ მიცემული ვრცელი ინტერვიუდან, სულ რამდენიმე დღეში მოხდა.

შოიგუმ ინტერვიუ შვიდი წლის განმავლობაში პირველად მისცა. საუბრის დროს, მან ხმამაღლა და ხაზგასმით ილაპარაკა საკუთარ როლზე რუსეთის შეიარაღებული ძალების აღორძინების საქმეში.

ზოგიერთისთვის შოიგუს ინტერვიუ, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგებში პუტინის შემდეგ მეორე ადგილზეა, ე.წ. საჩვენებელ გამოსვლას ჰგავდა. შეიქმნა აზრი, რომ ის ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჩასანაცვლებლად ემზადებოდა, ან შეიძლება, პრეზიდენტობაზეც კი ფიქრობდა.

მას შემდეგ, რაც პუტინმა და შოიგუმ პრეზიდენტის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს, ანალიტიკოსების ნაწილმა დაინახა ნიშანი, რომ შოიგუ პუტინის მემკვიდრედ უკვე შერჩეულია. არის კიდევ ერთი ვერსია: შესაძლოა, კრემლს უნდა, რომ ხალხმა ასე იფიქროს და სინამდვილეში გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის კომენტატორმა ალექსანდრე პოკროვსკიმ შოიგუს ინტერვიუში სულ სხვა რამ დაინახა. მისი თქმით, როცა სამხედრო სამსახურიდან წასვლაზე საუბრობდა, შოიგუ პენსიაზე გასვლისთვის სამზადისს გულისხმობდა და არა დაწინაურებისთვის მზადებას.

გასულ წელს, პუტინის რუსეთის ლიდერად მიყოლებით ხელმეორედ არჩევის შემდეგ, რუსეთში დიდი პოლიტიკური თავსატეხი გაჩნდა. არავინ იცის რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი: შეცვლის საპრეზიდენტო ვადების დამდგენ წესებს რუსეთის კონსტიტუციაში და 2024 წლის შემდეგაც თანამდებობაზე დარჩება, თუ ამის ნაცვლად, ხელისუფლების კონტროლირებული გადაცემის სცენას მოაწყობს და შემდეგ განზე გადგება?

კრემლთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მისი აზრით, პუტინი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მან იქვე დაამატა, რომ პუტინს ეს ჯერ არც სჭირდება, რადგან მოსაფიქრებლად კიდევ ორი-სამი წელი აქვს.

თუმცა, შექმნილი ვითარება მოსახლეობაში გაურკვევლობის შეგრძნებას ზრდის. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იზრდება მომავლის შიში კრემლის კონკურენტ კლანებში, იმ ადამიანებში, ვისაც თანამდებობა საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად სურს.

როცა პუტინის შესაძლო მემკვიდრეებზე საუბრობენ, რუსეთში შოიგუს გარდა, კიდევ ერთ პოპულარული პოლიტიკოსს მოიაზრებენ. ეს არის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ევგენი ზინიჩევი. წამყვანი როლის მოსარგებად, საჩვენებელ გამოსვლას დროდადრო სხვა პოლიტიკოსებიც აწყობენ, რომელთა შორისაა ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ ორეშკინი.

როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოსტს სხვებიც უმიზნებენ, მათ შორის - კრემლის ბოსების შვილები, ე.წ. უფლისწულების ახალი თაობა. კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ კრემლში არსებული სხვადასხვა დაჯგუფების სქემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს დასავლეთის დამკვირვებლებს წარმოუდგენია. ისინი სავარაუდოდ, მხოლოდ მარტივ დაყოფას ხედავენ უშიშროების ფრაქციასა და თანამედროვე ტექნოკრატებს შორის.

მსგავსი გაურკვევლობა ბოლოს 2008 წლის დამდეგს იყო, როდესაც პუტინს უნდა გადაეწყვიტა, კონსტიტუცია შეეცვალა, თუ ადგილი გაეცვალა მის მიერ შერჩეულ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან. ასეთმა ვითარებამ, კრემლის შიგნით ხელისუფლებისთვის ბრძოლა გამოიწვია. მოძლიერებული მოთამაშეები ცდილობდნენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან პუტინის მიერ გადადგომის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი ჩანაცვლების შანსის გამოყენებას.

გადარჩენისთვის ბრძოლას და პრეზიდენტის პოსტისთვის ფრაქციულ დაპირისპირებას, მსხვერპლიც ახლდა. მაშინ იმ დაპირისპირებას, ნებსით, თუ უნებლიედ, ხელი თავად პუტინმა შეუწყო, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დააყოვნა და ინტრიგებისთვის და შიდა ბრძოლისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა.

სიტუაციას საპრეზიდენტო ძალაუფლების განმტკიცება და ე.წ. ქანჩების მოჭერა მოჰყვა. საინტერესოა, ვლადიმირ პუტინი ახლაც იგივეს ხომ არ აკეთებს? შესაძლოა, ის მხოლოდ იმიტომ ახალისებს პრეტენდენტებს, რომ მათ თავი რაც შეიძლება ადრე გამოამჟღავნონ, რის შემდეგაც ის თადარიგს წინასწარ დაიჭერს და საბოლოო ჯამში, ბოლო მომენტში, კონკურენციას შეამცირებს.