ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში გამართული მიტინგები პუტინის რეიტინგის ვარდნაზე მიუთითებს


ასობით დაკავებული და ათობით დაშავებული - ასეთია უქმეებზე გამართული გამოსვლის შედეგი, რომლის დროსაც დემონსტრანტები მოსკოვის ქუჩებში გამოვიდნენ და 8 სექტემბრისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება მოითხოვეს.

პოლიციამ ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ბევრი მათგანი ნაცემი იყო. პოლიტიკური ანალიტიკოსის, კირილ როგოვის თქმით, ეს ბოლო წლებში ყველაზე დიდი, მაგრამ არა მოულოდნელი დარბევა იყო. „ვლადიმირ პუტინი ძალიან გაღიზიანებულია და როგორც ამბობენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციის შესახებ წინასწარ გამოცხადდა, ნათელი იყო, რომ სამართალდამცავები მას სასტიკად უპასუხებდნენ. სინამდვილეში, ეს დამსჯელი პასუხი იყო. ფედერალური ხელისუფლება თავს ნებას ვერ მისცემს, რომ მოსკოვში სისუსტე გამოიჩინოს, რადგან ეშინია, რუსეთის სხვა რეგიონებისთვის ეს შეიძლება პროტესტის დაწყების სიგნალად იქცეს,“ თქვა როგოვმა.

დემონსტრაციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის ლიდერებს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს დაემუქრნენ. ზოგიერთი მათგანი დემონსტრაციების დაწყებამდეც კი დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყო ოპოზიციის ცნობილი ლიდერი ალექსეი ნავალნი. ციხეში რამდენიმე დღის შემდეგ, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სახე გაუსივდა. გაჩნდა ეჭვი მოწამლვაზე, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ოფიციალური განმარტებით, ციხეში ყოფნის დროს, ბაღლინჯოების კბენაზე მას ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ნავალნი პატიმრობაში რჩება.

ანალიტიკოსი კირილ როგოვი, შემდგომ პოლიტიკურ შეზღუდვებს მოელის. ის ამბობს, რომ „პუტინს, რეჟიმის მიმართ მხარდაჭერის კლების საკითხთან გამკლავება მოუწევს და ლოკალიზებული რეპრესიული ტაქტიკა საკმარისი არ იქნება. საჭირო იქნება რაიმე უფრო „დამაჯერებელი,“ რაც მისი პოპულარობის ვარდნის ტენდენციას შეცვლის. ბოლოს, როდესაც მისდამი მხარდაჭერა იკლებდა, ყირიმის ანექსია მოხდა. ახლა რა მოხდება, ამის მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია.“

დარბევის მიუხედავად, ამ თვეში აქტივისტები მეტი დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ. ოპოზიციის ლიდერები გამოსვლის დღედ, 10 აგვისტოს განიხილავენ და მოსკოვის ხელისუფლებისგან დემონსტრაციის ნებართვის მიღებას ცდილობენ. თუმცა, დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ ასეთი ნებართვა გაცემა არ მოხდება. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ნებას არ მისცემს პროტესტებით რუსეთის დედაქალაქში ანარქიამ დაისადგუროს. მან ოპოზიციის ლიდერებს მასობრივი არეულობის დაგეგმვაში დასდო ბრალი.

ანალიტიკოსი იგორ მინტუსოვი ამბობს, რომ ასეთი რეაქცია შეიძლება შეფასდეს როგორც პარანოია, მაგრამ ის პრაქტიკულ მოსაზრებას ეყრდნობა. მისი თქმით, „აშკარაა, რომ პოლიტიკოსები ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე დგანან. ამასთან ერთად, სამართალდამცავების ელიტის ერთი ნაწილი ამ შიშით მანიპულირებს, რათა ხელისუფლებაში საკუთარი პოზიცია გააძლიეროს. რაც უფრო მეტ გარეშე მტერს იპოვიან, სამართალდამცავების ელიტას მეტი ძალაუფლების მოხვეჭის შესაძლებლობა გაუჩნდება. ამ შიშს მუდმივად აძლიერებენ და განამტკიცებენ.“

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს რაც შეეხება - დემონსტრაციების დღეს, ის მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული საბჭოთა წყალქვეშა ნავის მოსაგონებლად, ფინეთის ყურის ფსკერზე, წყალქვეშა ხომალდში იმყოფებოდა. კრემლს, მოსკოვის ქუჩებში გამართულ გამოსვლებზე და დაპატიმრებებზე დაუყოვნებელი რეაქცია არ ჰქონია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG