როგორც ჩანს, უცხოეთის მხრიდან ჩარევის თემაზე უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებმა კრემლი და რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოები დაარწმუნა არ გაიზიარონ მოწოდებები, რომ მათი კრიტიკოსების და ოპოზიციის მიმართ უფრო რბილი მიდგომით იხელმძღვანელონ.
ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი ოპოზიციის ლიდერების და მათი მიმდევრების წინააღმდეგ შევიწროების კამპანიას განაგრძობს.
გასულ კვირაში, უსაფრთხოების სააგენტოებმა ალექსეი ნავალნის, რუსეთის ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერის ანტი-კორუფციულ ფონდს, უცხოეთის აგენტი უწოდეს, რაც სავარაუდოდ, მისი დახურვის საწინდარია. ამას წინ უძღოდა ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების და ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ფიგურების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი რეიდები.
დამოუკიდებელ რადიოსადგურ „ექო მოსკვის“ პოლიტიკურმა კომენტატორმა ფედორ კრაშენნიკოვმა გაზეთ „მოსკოუ თაიმსში“ სტატია გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ხელფასის, პრემიების, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბინის მფლობელი ასობით ოფიცერი, ზემოდან მიღებული ბრძანებით სასაცილო სამუშაოს ასრულებს. ისინი რიგითი ადამიანების ბინებს ჩხრეკენ, პირად ნივთებში, ფოტოსურათებში იქექებიან. დოკუმენტების, კომპიუტერების და სხვა ნივთების კონფისკაციას ახდენენ. შემდეგ ხანგრძლივ დაკითხვებს ატარებენ, რომლებიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს. მათ უაზრო ჩხრეკისთვის გზავნიან, რათა მათივე უფროსობის მიერ შექმნილი შეთქმულების თეორიების დასადასტურებლად სამხილები იპოვნონ.“
შეთქმულების თეორიებში შედის ისიც, რომ დემონსტრაციებს უცხოეთის ინტერესებთან დაკავშირებული უწყებები აწყობენ, მათ შორის დასავლური დემოკრატიის წამახალისებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლები.
კრემლის მომხრე კანონმდებლებმა, „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ და ბრიტანული „ბი ბი სი“, სხვა მაუწყებლებთან ერთად, რუსული კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. მიზეზად კი ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების გაშუქება დაასახელეს.
კანონმდებლები იმ საპარლამენტო კომისიის წევრები არიან, რომელიც ამ წლის დასაწყისში იმის გამოსაკვლევად შეიქმნა, ჩაერივნენ თუ არა რუსეთის საშინაო საქმეებში საერთაშორისო მაუწყებლები და ინტერნეტ სერვისები, მათ შორის, გერმანიის „დოიჩე ველეს ახალი ამბების სამსახური“ და „გუგლი“, კრემლის საწინააღმდეგო პროტესტების სავარაუდო წაქეზებით და იქ ხალხის მისვლის წახალისებით.
კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვმა განაცხადა თქვა, რომ „იმ დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომელიც მედიის შესახებ კანონის გატარებას ზედამხედველობს, დაადასტურეს რომ კამპანიის დროს და არჩევნების დღეს, ამ მედია საშუალებებმა კანონი დაარღვიეს.“ მან ასევე თქვა, რომ კომისია დარღვევების გამო „საპასუხო ზომებს“ შესთავაზებს, თუმცა ამის დეტალები არ დაუზუსტებია.
კანონმდებლები პუტინის პარტიიდან მუშაობენ კანონზე, რომელიც დარღვევებისთვის მედია საშუალებებს მომავალში ათობით ათასი დოლარით დააჯარიმებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი დაბრალების ახალ თამაშს, დასავლეთის ქვეყნებთან უპირატესობის მოსაპოვებელ პროპაგანდისტულ მცდელობად მიიჩნევს. ადრე დასავლეთმა თავის არჩევნებში ჩარევის ბრალი რუსეთს დასდო, რაც ყალბი ახალი ამბების და დეზინფორმაციის კამპანიებით გამოიხატა.
სხვები ამბობენ, რომ უცხოური ჩარევის ბრალდებები კრემლის იმ ძველი შეხედულების ნაწილია, რომლის მიხედვითაც ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ საქართველოში, უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთის გაკეთებულია. პუტინმა ნათლად გამოთქვა თავისი ხედვა, რომ პროტესტზე გამოსული ასობით ათასი ადამიანი, ინსტრუქციებს როგორღაც დასავლეთისგან იღებს. 2014 წელს იანუკოვიჩის გაძევების შემდეგ, ასეთი შეხედულება უფრო გაღრმავდა.
რუსი ოპონენტების მიმართ კრემლის მკაცრმა მიდგომამ, დასავლელ ოფიციალურ პირებსა და ანალიტიკოსებს შორის ხელახლა გამოაღვიძა კამათი იმის შესახებ, კრემლის ლიდერი ფერებს ნამდვილად ვერ არჩევს და სჯერა, რომ კრემლის საწინააღმდეგო პროტესტები დასავლეთის მოწყობილია, თუ ეს უბრალოდ მოხერხებული მეტაფორაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს რუსები დაარწმუნოს, რომ მტრული სახელმწიფოების ალყაში არიან და ოპონენტებს ნდობა დაუკარგოს.
პოლიტიკის მკვლევარი ტატიანა სტოიანოვა ამბობს, რომ უცხოეთის ჩარევის თაობაზე ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება და პუტინს ამის სჯერა.
შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა, რომელიც ადრე მოსკოვში პრეზიდენტ ბარაკ ობამას დესპანად მსახურობდა, თავის წიგნში სათაურით: „ცივი ომიდან ცხელი მშვიდობისკენ“ დაწერა, რომ მისი მუშაობის პერიოდში, პუტინის მიერ ფერების განურჩევლობის თემაზედისკუსია ხშირად იმართებოდა. მაკფოლი წერს: „ჩვენ, შეერთებული შტატების მთავრობის შიგნით, ხშირად ობამასთან ერთად ვმსჯელობდით იმის თაობაზე, რუსეთში ამერიკული ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ ზღაპრების პუტინს ნამდვილად სჯეროდა, თუ ამ არგუმენტებს საშინაო მხარდაჭერის მობილიზებისთვის იყენებდა.“
მაკფოლი ამბობს, რომ თავიდან ამ უკანასკნელისკენ იხრებოდა. ის წერს: „კრემლის პროპაგანდისტები ცინიკოსები იყვნენ, მაგრამ არა სულელები. რა თქმა უნდა, მათ ზუსტად იცოდნენ რუსეთში რა გავაკეთეთ და რა არ გაგვიკეთებია.“ თუმცა შემდგომ, მაკფოლმა პოზიცია შეიცვალა. „დავიჯერე, რომ პუტინს და მის უახლოეს მრჩევლებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჩვენ მისი რეჟიმისთვის ძირის გამოთხრა გვსურდა.“ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფებს არ აფინანსებდა და რუსეთის დედაქალაქში მუშაობის დროს, დესპანი მაკფოლი არ შეხვედრია, მაგალითად ნავალნის.
უფლებადამცველ ჯგუფებში განგაში გამოიწვია კრემლის ქმედებამ, რომელმაც ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა და იქ ლოიალისტების რაოდენობა გაზარდა. საკონსულტაციო ორგანოს, ოფიციალური უფლებამოსილება არ გააჩნია, მაგრამ ადრე ჰქონდა მცდელობა შეესრულებინა შუამავლის როლი რუსეთის უფლებადამცველ საზოგადოებასა და კრემლს შორის და ის განიხილება, როგორც ადგილი, სადაც პუტინის თანაშემწეებსა და მის კრიტიკოსებს შორის დიალოგი შეიძლება შედგეს.
პუტინმა საბჭოს თავმჯდომარედ ყოფილი ტელეწამყვანი და პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი ვალერი ფადეევი დანიშნა და საბჭოდან გამოიყვანა რამდენიმე ფართოდ ცნობილი ლიბერალი, მათ შორის ადამიანის უფლებების ადვოკატი პაველ ჩიკოვი.