რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის ამ კვირაში 30 დღით პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალი არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდებების გავრცელებაში ედება. აქცია ამ უქმეებზე უნდა გაიმართოს, რომელზეც მოსახლეობის ნაწილი 8 სექტემბრის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციონერი ლიდერების დაბლოკვას გააპროტესტებს.
თუმცა, მიუხედავად ნავალნის დაკავებისა და პოლიტიკური აქტივისტების სახლებში პოლიციის რეიდებისა, შაბათს მოსკოვში აქციის გამართვა მაინც იგეგმება.
საარჩევნო კომისიამ დაახლოებით 30 კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად კი ის დასახელდა, თითქოს მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერა გაყალბებული იყო.
გასულ კვირას ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში ამ კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ნავალნიმ მოსახლეობას სწორედ მაშინ მოუწოდა უფრო ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ.