ხუთშაბათს, გაეროში მოსკოვის ელჩმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის ომის დასასრულებელი მოლაპარაკებებისთვის, თუ ამას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წამოიწყებს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკებები ფრონტზე რუსების წარმატებების რეალობას უნდა ეფუძნებოდეს.
ტრამპმა კიევისთვის დასავლური დახმარება არაერთხელ გააკრიტიკა და კონფლიქტის სწრაფად დასრულების პირობა დადო, თუმცა არ განუმარტავს ამას როგორ გააკეთებს. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა გამარჯვებამ, კიევში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში გააჩინა შეშფოთება, თუ მომავალში უკრაინისადმი ამერიკული დახმარების მზადყოფნის ხარისხი როგორი იქნება.
ასევე ნახეთ: როგორია ზელენსკისეული უკრაინის გამარჯვების გეგმა?„ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინულ კრიზისს ერთ დღეში გადაწყვეტს. კარგი, სცადოს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა რეალისტები ვართ, გვესმის რომ ეს არასდროს მოხდება“, თქვა ჟენევაში გაეროში რუსეთის ელჩმა გენადი გატილოვმა.
„მაგრამ თუ ის დაიწყებს ან პოლიტიკური პროცესის დასაწყებად რაიმე მინიშნებას გააკეთებს, ამას მივესალმებით“, თქვა გატილოვმა.
მან იქვე დაამატა, რომ ნებისმიერი ასეთი მოლაპარაკებები უნდა დაეფუძნოს, როგორც თვითონ უწოდა, „ადგილზე არსებულ რეალობებს“. მან უკრაინა დაახასიათა, როგორც ორ წელიწადზე მეტხანს მიმდინარე კონფლიქტში წარუმატებელი მხარე. რუსული ძალები, სულ ცოტა ერთი წელია, უკრაინაში ომის განმავლობაში წინ ყველაზე სწრაფი ტემპით მიიწევს და ქვეყნის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება, სანამ რუსულ ძალებს მოსკოვის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიიდან სრულად არ გააძევებენ და ამაში ყირიმის დაბრუნებაც შედის. „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან გასულ თვეში წარმოადგინა, ამ პირობას შეიცავს და ასევე უკრაინის ნატოში მიწვევას, რასაც რუსეთი დიდი ხანია გმობს.
ზელენსკიმ გასულ კვირაში ევროპელ ლიდერებს ბუდაპეშტში უთხრა, რომ რუსეთის წინაშე დათმობებზე წასვლა „უკრაინისთვის მიუღებელი და მთელი ევროპისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნება.