ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის გამარჯვების გეგმის პუნქტები წარადგინა. პრეზიდენტმა სამი საიდუმლო პუნქტის გარდა, პარლამენტში გეგმის ყველა პუნქტი გააჟღერა.
ნატოში მიწვევა
უკრაინას ნატოს სამხედრო ალიანსში უპირობო მიწვევა ახლავე სჭირდება, თქვა ზელენსკიმ.
„გვესმის, რომ ნატოს წევრობა მომავლის საქმეა, არა აწმყოსი, მაგრამ პუტინმა შეიძლება დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები მარცხისკენ მიდის“, თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები „შეუქცევადად უნდა გაძლიერდეს“ და ამის გასაკეთებლად რამდენიმე გზა წარმოადგინა.
მათ შორის იყო უკრაინის შემდგომი შეიარაღება და მისი თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერება, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა და უკრაინის სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გაგრძელება.
შეკავება
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთის შემდგომი აგრესია მოსკოვისთვის იმის ჩვენებით, რომ ამას საპასუხო შედეგები მოჰყვება.
„უკრაინა გამოდის წინადადებით მის ტერიტორიაზე განლაგდეს არაბირთვული სტრატეგიული შეკავების სრული პაკეტი, რომელიც რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო საფრთხისგან უკრაინის დასაცავად საკმარისი იქნება“, თქვა მან.
ზელენსკის განცხადებით, გეგმის ამ პუნქტს საიდუმლო დანართიც ჰქონდა და შემაკავებელი ფაქტორების დეტალებზე არ ისაუბრა.
სტრატეგიული ეკონომიკური პოტენციალი
ზელენსკიმ წარმოადგინა წინადადება, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან, რაც უკრაინის ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად ერთობლივი ინვესტირების საშუალებას შექმნის. მან თქვა, რომ ამ რესურსების ღირებულება ტრილიონობით დოლარია.
„ამაში კერძოდ შედის ურანი, ტიტანი, ლითიუმი და სხვა სტრატეგიულად ფასეული რესურსები, რომელიც გლობალურ კონკურენციაში გააძლიერებს ან რუსეთს და მის მოკავშირეებს, ან უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს“, თქვა ზელენსკიმ.
უკრაინა გააძლიერებს ნატოს
ზელენსკის წინადადებით, ომის დამთავრების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად შეიძლება იყოს გამოყენებული და ჩანაცვლოს აშშ-ის ძალების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამჟამად ევროპაშია განლაგებული.