ბახმუტში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების პარალელურად, რუსეთმა უკრაინულ ქალაქ კრამატორსკზე მძიმე სარაკეტო იერიში მიიტანა. სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უკრაინული ქალაქი კრამატორსკი ბახმუტიდან 50 კილომეტში მდებარებობს. გასულ წელს, მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ახალი დაწყებული იყო, რუსულმა ჯარმა ქალაქში კასეტური ბომბები გამოიყენა, რაც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ შეფასებით ომის დანაშაულია.
რაც შეეხება ბახმუტში არსებულ ვითარებას, კიევი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი „მნიშვნელოვანი დანაკარგების“ მიუხედავად ქალაქზე შეტევას აგრძელებს.
ასევე ნახეთ: შაფერი: "ეს აშკარა ომის დანაშაულია"„გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ძალებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს...ბახმუტში, მტერი არ შეჩერებულა,“- ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალური კიევი განმარტავს, რომ ავიევკაში, მერიინკასა და შახტარსკიშიც რთული ვითარებაა.
აღმოსავლეთის ფრონტზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკიც. მან პირობა დადო, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინული ჯარები გაიმარჯვებენ.
„აღმოსავლეთში ძალიან მძიმე [ვითარებაა], [ეს] ძალიან მტკივნეულია,“- თქვა ზელენსკიმ და მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.
კრემლში კი ამბობენ, რომ მოსკოვის მიზნები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ძალით მიიღწევა.
ასევე ნახეთ: რუსეთმა მოლდოვას ომი "არაოფიციალურად" გამოუცხადა - კიშინიოვი„ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ამჟამად ეს მხოლოდ, კიევის რეჟიმის ამჟამინდელი პოზიციის გამო, სამხედრო საშუალებებით არის შესაძლებელი,“- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოსკოვმა სტრატეგია რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მიზნების მიღწევა ანალიტიკოსების შეფასებით რუსულმა ჯარმა ვერ მოახერხა.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი აქტიურად ცდილობს ქალაქ ბახმუტის აღებას, თუმცა უშედეგოდ. ბახმუტისთვის ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს, ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის ჯგუფი“. პუტინთან დაახლოებული პრიგოჟინი ამერიკის კანადის და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია.