მოსკოვის სასამართლომ გამოჩენილი რუსი მწერლის, ბორის აკუნინის დაპატიმრების ორდერი დაუსწრებლად გასცა. აკუნინი მის შემოქმედებით ფსევდონიმს წარმოადგენს, ნამდვილი სახელი კი გრიგორი ჩხარტიშვილია. მწერალს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკით გამოდიოდა, ბრალად „ტერორიზმისკენ“ მოწოდება და რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება ედება.
67 წლის მწერალმა რუსეთი 2014 წელს დატოვა და ახლა ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ცხოვრობს.
„ჩხარტიშვილს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება რუსეთში დაკავების ან ექსტრადიციის მომენტიდან ორი თვის ვადით“, – განაცხადა 6 თებერვალს ბასმანის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურმა. გასული წლის 18 დეკემბერს, აკუნინი რუსეთის საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ, ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.
გასულ თვეში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუნინი საერთაშორისო ძებნილთა სიაში დაასახელა, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. თუმცა, კონკრეტული ბრალდებები განცხადებაში მითითებული არ იყო. ამ თვის დასაწყისში კი იუსტიციის სამინისტრომ ის "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა, რაც რუსეთში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა კრემლის კრიტიკოსების დასასჯელად.
აკუნინი ერთ-ერთია სულ რამდენიმე ათეულ რუს მწერალს შორის, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესია დაუყოვნებლივ დაგმეს. აკუნინმა 2022 წლის თებერვალში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ რუსეთში "ახალი, საშინელი პერიოდი დაიწყო". ის ამბობდა, რომ ცდებოდა, რადგან ბოლო მომენტამდე ვერ იჯერებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი "ამ აბსურდულ ომს დაიწყებდა". აკუნინის თქმით, სულ იმედს იტოვებდა, რომ გონიერება გაიმარჯვებდა, მაგრამ შეცდა და "სიგიჟემ გაიმარჯვა".