რუსეთის ბირთვული დოქტრინა იცვლება, ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უდასტურებს და განმარტავს, რომ დოქტრინა დღეს არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოვა.
„პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა დოქტრინის დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, - ამბობს კრემლის პრესსპიკერი და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
საკითხზე საუბრობენ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოშიც. ერთ-ერთმა, რუსმა დეპუტატმა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, არ გამორიცხა, რომ დოქტრინაში ისეთი ცვლილებებიც კი შევიდეს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ნებართვის გაცემის დროს შეამცირებს.
ასევე ნახეთ: რუსული თავდასხმების შემდეგ, უკრაინაში ენერგიის ავარიული გათიშვები განახლდაბირთვული დოქტრინის გადასინჯვისა და გადახედვის შესახებ განცხადება პირველად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა. მისი თქმით, ახალი დოქტრინა განსაზღვრავს პირობებს, როდის შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება და რა ფორმით.
ამ ეტაპზე, მედიისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. უცნობია, ვინ არის ჩართული დოქტრინის განახლების პროცესში და დაიწყო თუ არა უკვე სამუშაო პროცესი.