რა კავშირია რუს ჰაკერებს და ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს შორის

შეერთებულ შტატებში ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “გრუს” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს - ჰაკერების სამიზნე გახდა ის უკრაინული ენერგოკომპანია, რომელიც იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესში ფიგურირებს. ანგარიშის ავტორია კალიფორნიაში მოქმედი ფირმა "არეა 1 უსაფრთხოება" (Area 1 Security).

საუბარია კომპანიაზე "ბურისმა", რომელშიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა წამყვანი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა. "ბურისმას" მმართველ საბჭოში ჰანტერ ბაიდენი 2014-2018 წლებში საქმიანობდა.

ანგარიშის მიხედვით, რუსმა ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს "ბურისმას" სერვერში და ჰქონდათ წვდომა თანამშრომლების ელექტრონულ მიმოწერაზე. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა იყო "გრუს" ჰაკერების თავდასხმის მიზეზი და მოიპარეს, თუ არა მათ ელექტრონული მიმოწერა, ან სხვა ტიპის ინფორმაცია "ბურისმადან".

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო დაიწყო, რომ ბრალდების მიხედვით, ის უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებდა. ტრამპმა კონგრესის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაყინა და შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის "ბურისმას" საქმიანობის გამოძიებას, ანუ არჩევნებზე მის მთავარ ოპონენტ ჯო ბაიდენზე კომპრომატების მოძიებას სთხოვდა.