ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესი დასასრულს უახლოვდება


წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დემოკრატებს ხუთშაბათს განუცხადა, რომ „იმპიჩმენტის მუხლებზე“ მუშაობა დაიწყონ. პელოსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „თანამდებობა ბოროტად გამოიყენა“. პელოსიმ მოკლე თუმცა დრამატულ განცხადებაში, რესპუბლიკელი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა უკრაინას გამოძიების დაწყება მოსთხოვა, მისი პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რაც პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის წაადგებოდა.

„ფაქტები უდავოა“, - განაცხადა პელოსიმ. „პრეზიდენტმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, მისი პირადი პოლიტიკური სარგებელისთვის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარჯეზე“, - თქვა მან.

პელოსიმ კონგრესმენ ჯეროლდ ნადლერს, იურიდიული კომიტეტის თამჯდომარეს თხოვა, იმპიჩმენტის მუხლები შეიმუშაონ.

პელოსის არ განუსაზღვრავს ვადები, თუმცა დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტს სავარაუდოდ კენჭს საშობაო დღესასწაულამდე უყრის. წარმომადგენელთა პალატის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, განხილვა სენატში გაგრძელდება, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, და სავარაუდოდ ისინი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერენ.

ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ პელოსის განცხადებას უპასუხა. „არაფრის მკეთებელმა, რადიკალმა მემარცხენე დემოკრატებმა ახლახან გამოაცხადეს, რომ ჩემს იმპიჩმენტს აპირებენ არაფრის გამო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

წარმომადგენელთა პალატის გამოძიება, რომელსაც დემოკრატები აწარმოებენ, 25-ი ივლისის სატელეფონო საუბარზე ფოკუსირდება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, რომელშიც ტრამპმა ზელენსკის თხოვა გამოეძიებინა კომპანია "ბურისმა", რომელმაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იქირავა. პრეზიდენტმა ასევე თხოვა ზელენსკის გამოეძიებინა "შეთქმულების თეორია", რომელიც უსაფუძვლოდაა მიჩნეული და რომლის მიხედვითაც, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში უკრაინა ჩაერია და არა რუსეთი.

ტრამპმა მოთხოვნა მაშინ წაუყენა უკრაინის პრეზიდენტს, როცა 400 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემა შეჩერებული იყო და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ცდილობდა პრეზიდენტთან შეხვედრას ოვალურ ოფისში, რაც მას ქვეყნის შიგნით დაეხმარებოდა.

სატელეფონო საუბარს ანონიმური საჩივარი მოჰყვა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლისგან, რომ პრეზიდენტი “საკუთარ ძალაუფლებას იყენებდა, რათა ქვეყნის 2020 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნიდან ჩარევა გამოეთხოვა”. საჩივარს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების მხრიდან იმპიჩმენტის პროცესის გამოძიების დაწყება მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG