უვიზო რეჟიმი რუსეთთან?

დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას გაზს გაუიაფებს, საქართველოსთან კი უვიზო რეჟიმზე დაიწყებს საუბარს.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის პოლიტიკა





დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსა და უკრაინის შესახებ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „დიახ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ საქართველოში, მაგრამ არ შეცვლილა ის ქართველ ხალხთან მიმართებით, ის ისეთივე კეთილგანწყობილი დარჩა, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა პუტინის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არაა მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. პუტინი ამბობს, რომ არ იცის რას გულისხმობდა ლავროვი, „შესაძლოა ფორმალურ წინააღმდეგობებს“.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანელი განცხადების მიხედვით:

„ომის დროსაც კი კავკასიაში, როდესაც დაძაბული იყო ურთიერთობები, მე ყოველთვის ვგრძნობდი კეთილგანწყობას ქართველების მიმართ და ეს დასტურდებოდა ამ რთულ დღეებსა და საათებში, თვით ქართველების მხრიდანაც რუსეთის მიმართ. არ ვიცი მომიყოლია თუ არა ამის შესახებ სახალხოდ, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევაც, რომ რუს ჯარისკაცებს სოფლებში ეუბნებოდნენ, აქ რა გინდათ, რას აკეთებთ, რატომ არ მიდიხართ თბილისში, მიშიკოს წასაყვანადო. როგორც თქვენ იცით, ჩვენ გვქონდა დანაკარგი ადამიანური რესურსის სახით ომის დროს. ასეთი შემთხვევაც იყო, რომ ჩვენი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ქართველებმა. პილოტმა მოასწრო კატაპულტირება. შემდეგ ეს ადამიანი შეიფარა ერთმა ქართველმა ქალმა, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, მოდი აქ შვილოო, უთხრა, გამოკვება და ადგილობრივების დახმარებით, დააბრუნეს ეს ადამიანი რუსულ სამხედრო დანაყოფში. მინდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც მე ვსაუბრობ საქართველოსადმი ღრმა სიყვარულსა და კეთილგანწყობაზე, არ ვხუმრობ და ირონიზირებას არ ვახდენ. ჩვენ ღრმა ურთიერთობები გვაქვს, მხედველობაში მაქვს კულტურა და სულიერება, ჩვენი რელიგიური სიახლოვე. არსებობს პრობლემები, რაც წარმოიშვა არა ჩვენს გამო. ომი ჩვენ საქართველოსთან არ გვინდოდა და ჩვენ არც დაგვიწყია, ამის შესახებ, მგონი ყველა შევთანხმდით. ჩვენ ვამბობდით, არ მიიყვანოთ, საქმე არამდე, მაგრამ ეს მაინც მოხდა და აღმოვჩნდით გარკვეული რეალობის წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფავიქსირებთ იმ სიგნალებს, რაც მოდის საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან. არ ვიცი რა ჰქონდა მხედველობაში ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შესაძლოა იყოს რაღაც ფორმალობები, დაკავშირებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან, შესაძლოა ეს იყოს, მაგრამ გვესმის რა, როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში, სავსებითაც შესაძლოა დავუბუნდეთ უვიზო რეჟიმს. ექსპერტულ დონეზე კარგადაა მოსაფიქრებელი ეს საკითხი. ნორმალურ დონეზე ეს დაეხმარებოდა ადამიანებს უმუშავათ, დაეხმარებოდა ქართულ საწარმოებს რუსულ ბაზარზე და ზოგადადაც, შექმნიდა ფუნდამენტალურ შესაძლებლობებს საბოლოოდ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის,“- ამბობს პუტინი.

პრესკონფერენციაზე დაინტერესდნენ იმ 15 მილიარდი დოლარის თაობაზეც, რომელიც რუსეთმა უკრაინისთვის გამოყო და რის შესახებაც უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან გუშინწინ განაცხადა. ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჰკითხა, კიდევ რამდენი დოლარის გადახდისთვისაა მზად იგი უკრაინის სანაცვლოდ, რაზეც პუტინმა ხუმრობით უპასუხა: „თქვენ კიდევ რამდენი გჭირდებათ?“

მან ასევე განაცხადა, რომ ეს არაა ევროკავშირთან ასოცირების შეჩერების სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ორი დღის წინ პუტინმა ისიც თქვა, რომ მას იანუკოვიჩთან საბაჟო კავშირში გაწევრიანების თაობაზე კი არ უსაუბრია. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის თემას მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა წარმოადგენდა უკრაინისთვის ამ უაღრესად რთულ ვითარებაში. მათი შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის გაზის საფასურმა დაიკლო. თუ აქამდე ათას კუბურ მეტრზე უკრაინა დაახლოებით 400 დოლარს იხდიდა, დღეიდან 268.5 დოლარს გადაიხდის. თუმცა პუტიმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს დროებითი გადაწყვეიტლებაა.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე უკრაინასთან. ამ დროისთვის რუსეთში 5 მილიონი უკრაინელი მუშაობს და 2-3 ათეული მილიონი დოლარი მუდვივად გაედინება მათი ოჯახების შენახვისთვის რუსეთიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მომავლისთვის ერთობლივ ღონისძიებებზეც შევთანხმდით, მაგალითად ერთობლივად აღვნიშნავთ ტარას შევჩენკოს იუბილეს და დიდი სამამულო ომის წლისთავს 2015 წელს. 15 მილიარდი უკრაინისთვის კი ფასიანი ქარალდების სახით გამოიყოფა უკრაინის სახელმწიფოში ჩვენი რეზერვებიდან, ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან,“ განაცხადა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტმა კი თქცა, რომ მოლაპარაკებები მათ შორის არ შედეგბოდა, პუტინის მხრიდან მზადყფნას რომ არ ჰქონოდა ადგილი. მან ასევე ხაზინ გაუსვა პრაგმატული გადაწყვეტილებების სიკეთეს:

„უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა იყო დამუხრუჭებული, რომ არ ვთქვათ გაყინული. ჩვენ ამ ყველაფრიდან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი და თავიდან ავირიდოთ მსგავსი რამ.“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა კი დღეს განაცხადა, რომ უკრაინას მოსკოვთან შეთანხმება ევროინტეგრაციაში ხელს არ შეუშლის. "ეს შეთანხმებები ხელს არ გვიშლის წინსვლაში. ჩვენ კვლავ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა გააგრძელებს ამ მხრივ მუშაობას და ვნახოთ, რა იქნება უახლოეს რამდენიმე დღეში," - განაცხადა კეტრინ ეშტონმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე და დასძინა, რომ კიევში გამართული შეხვედრის დროს მან უკრაინის პრეზიდენტისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ჩემი პოლიტიკური მომავალი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზეა დამოკიდებული.“