რუსეთის პრეზიდენტი დღეს ციმბირის ქალაქ კემეროვოში ჩავიდა და ხანძარში დაღუპულთა სახელდახელო მემორიალი მოინახულა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძარში, სულ ცოტა 64 ადამიანი დაიღუპა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მსხვერპლის ასეთი დიდი რაოდენობა "დანაშაულებრივმა დაუდევრობამ" გამოიწვია.
გამოძიებამ აჩვენა, რომ სათადარიგო სახანძრო გასასვლელები რეგულაციების დარღვევით იყო დაბლოკილი. ამას გარდა, გამომძიებლების დასკვნის მიხედვით, შენობაში განგაშის სიგნალმაც სათანადოდ არ იმუშავა.
დღეს, რეგიონის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მოეწყო. გამომსვლელები მომხდარზე მეტ განმარტებებს ითხოვდნენ. კვირას დაწყებული ხანძრის ჩაქრობა ორშაბათის ჩათვლით გრძელდებოდა. ოთხსართულიან შენობაში კინოდარბაზი და ბავშვების სათამაშო ოთახიც იყო მოწყობილი.