ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი და ოკუპირებული მილსადენი 


ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველო ხანძარს ებრძვის. მთლი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მონაკვეთში, ყოველდღიურად ხანძრის ახალი კერა ჩნდება. დღეს გავრცელდა ცნობა ხანძრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენის თაობაზე, რაც დადასტურდა როგორც უსაფრთხოების სამსახურის, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.

ხანძარი დღის პირველ ნახევარში ოკუპირებული ორჭოსანის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. სადაც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარე ამჟამად სამხედრო წვრთნებს ატარებს. ხანძრის გამომწვევ მიზეზად იოლად აალებად სივრცეში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სახელდება. ამის თაობაზე “ამერიკის ხმასთან” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა:

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომლის ლოკალიზება ეგრეთ წოდებულმა სამაშველო სამსახურებმა მოახდინეს.“

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არც გაჩენილა და არც გავრცელებულა. მისი ლოკალიზება ოკუპირებულ ტერიტორიაზევე მოხერხდა.

წუხელის 9 საათზე რომ დაიწყო სროლები ცხინვალის მხარეს, არ გაჩერებულა. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საშინელი ხმები
ლია ჩლაჩიძე

ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ოსური მხარის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ბორდერიზაციის გაგრძელების შესახებ გააკეთა განცხადება, ნახსენები იყო ხანძრების საშიშროებაც. მას შემდგომ კი რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ თხრილების გავლება დაიწყეს, რომელიც შემდგომში განიმარტა, როგორც „ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები“.

ჯიოევის წინასწარმეტყველება გამართლდა და ამ ზაფხულს საქართველოში ხანძრის უამრავი კერა გაჩნდა. ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან არსებულ ხანძარსაწინააღმეგო თხრილამდე ამჯერად ცეცხლს არ მოუღწევია.

ამის შესახებ ჩვენთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ისაუბრა, რომლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინეს.

„გიდასტურებთ, რომ სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა ხანძარს, რომელიც ჩააქრეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტერიტორიაზე პატრულირებს კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, დღე–ღამის ყველა დროს“, –აცხადებენ მისიაში.

“ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რამდენად ახლოს იყო ხანძრის ბაქო–სუფსის ნავთობსადენთან, რომელიც სოფელ ყარაფილასთან გადის და რომლის ნაწილი 2008 წლის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „ხნულები და მილსადენი გადის საოკუპაციო ხაზთან. შესაბამისად, ხანძარი მასთან ახლოს არ ყოფილა.“

„ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენელი თამილა ჩანტლაძე, გვიდასტურებს, რომ ნავთობსადენის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი ქართული მხარის მიერ ვერ კონტროლდება. აღნიშნული ტერიტორია ხანძირის კერისგან დაახლოებით ორი კილომეტრითაა დაშორებული.

„ამ ეტაპზე დამატებით საფრთხეზე ჩვენს კომპანიაში არაა საუბარი. ახალგორის ტერიტორიაზე ბაქო–სუფსის მილსადენის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთია მოყოლილი. მისი წარმადობა დღეში 100 000 ბარელია და ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა, ეს ადრეული ნავთობის მილსადენია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პირველად აშენდა“.

გიდასტურებთ, რომ სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა ხანძარს, რომელიც ჩააქრეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას ერგნეთის მაცხოვრებელი და ომის მუზეუმის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე ამბობს: „წუხელის 9 საათზე რომ დაიწყო სროლები ცხინვალის მხარეს, არ გაჩერებულა. მსხვიკალიბრიანი იარაღიდან ისროდნენ, როგორც ჩანს. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საშინელი ხმები. შემდეგ ამის შესახებ დავწერე სოციალურ ქსელში და როგორც კომენტარებიდან გამოჩნდა, იგივე მდგომარეობა იყო შინდისში, მერეთში, ფხვენისში, ირგვლივ, რაც ახლო–მახლო სოფლებია, ყველგან ისმოდა ხმები. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე არ გამოისროლონ და რამეს არ მოეკიდოს... შემეშინდა, მთელი სახლი ზანზარებდა, მთელი სახლი, ბავშვებსაც შეეშინდათ“.

ცნობილია, რომ სწავლება ძარწემის ბაზაზეც მიმდინარეობს. რაც შეეხება, ორჭოსანს, ეს ახალგორის მხარესაა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წვრთნები სამხრეთ ოსეთში საკმაოდ მასშტაბურია და მასში ყველა სამხრედრო ბაზაა იღებს მონაწილეობას.

დღეს სოფელ ყარაფილასთან (რომლის სიახლოვესაც ბაქო–სუფსას ნავთობსადენის ოკუპირებული მონაკვეთია), რომელიც თბილისი–სენაკი ლესელიძის ავტობანიდან ხედვის არეალშია, ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ აქციას მართავდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო პატრულირებას უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG