თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში ცხოვრობს, ამერიკის ხმის რესპონდენტი არაერთხელ ყოფილა. მას ჩვენთან უსაუბრია იმის შესახებ, თუ როგორი ვითარებაა სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რა პრობლემებია განათლების ხელმისავდომობის თვალსაზრისით, როგორი პროცედურაა ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებზე და სხვა. ის სოციალურად აქტიური მოქალაქე და ბლოგერია: წერს და აქვეყნებს იმას, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დაწყებული იმით, როგორ გამოიყურება მისი კატა, გაგრძელებული იმით, მოირწყო თუ არა მისი ქუჩა ახალგორში და დასრულებული დე–ფაქტო ადმინისტრაციასთან შეხვედრისას რა შთაბეჭდილება დარჩა.
თამარასთვის ამჟამად რთული პერიოდი დგას, რადგან დე–ფაქტო ადმინისტრაციის მითითების თანახმად, ის გუშინ დააკავეს, მისი სახლი კი გაჩხრეს. დაკავებამდე მან მოასწრო ეთქვა, რომ ცხინვალის ხელისუფლება ცილისწამებაში ადანაშაულებს პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ. სახლში კი, როგორც თავად ამბობს, ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ეძებდნენ. დღეს თამარ მეარაყიშვილი ახალგორში დაბრუნდა, თუმცა ხვალ კვლავ პროკურატურაში მოუწევს წასვლა. მას საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებისთვის ადვოკატის მოძიება უწევს. როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, მეარაყიშვილს საქართველოდან ადვოკატის აყვანაზე უარი უთხრეს. მან მაინცდამაინც სამხრეთ ან ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე უნდა იპოვოს ადამიანი, ვინც მის უფლებებს დაიცავს.
ამერიკის ხმამ ოს ჟურნალისტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცადა იმ მიზნით, რომ თამარას შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო და გამოსავლის მათეული გზების თაობაზე მოესმინა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ქართველი წარმომავლობის აქტივისტს ეხება,და დე–ფაქტო ადმინისტრაცია არც თუ სიმპათურად გამოიყურება ამ ვითარებაში, რადგან ის, ცალსახად, ადამიანის უფლებების დარღვევას ეწევა, საუბარი სრული ანონიმურობის რეჟიმში მიმდინარეობდა. შევიტყვეთ , რომ თამარას ყველა თანაუგრძნობს და ცდილობენ დაეხმარნონ, მაგრამ ეს ცხინვალში არაა იოლი. გვითხრეს, რომ მას აფრთხილებდნენ, რომ ხელისუფლება ნაკლებად უნდა ეკრიტიკებინა, რადგან „ახლანდელი პრეზიდენტი ბიბილოვი სულაც არაა ისეთი, როგორიც თიბილოვი იყო, რომელიც კრიტიკას უფრო მეტი ლიოალობით ეკიდებოდა“ და სხვა.
ფაქტია, რომ თამარა სამოქალაქო აქტივიზმში საკმაოდ ძვირს იხდის. ჩვენთან დღეს მან მოკლე საუბარი შეძლო, რა დროსაც მხოლოდ ის გვითხრა, რომ დავეხმაროთ ადვოკატის პოვნაში. სამხრეთ ოსეთელი ჟურნალისტები კი აქტივისტს ურჩევენ ადვოკატი ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოიყვანოს, რადგან სამხრეთ ოსეთელები ყველა შეშინებულია.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „მეარაყიშვილთან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევა არაა“, რაც რეალობას წარმოადგენს. თამარა მიმდინარე წლის 8 ივნისს ახალგორიდან, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომანქანით წაიყვანეს, როგორც შემდგომში გაირკვა, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ახლობლები ეძებდნენ. მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ 2016 წლის მეორე ნახევარში თამარა 6–ჯერ დაიბარეს პროკურატურაში განმარტებების მისაცემად, აქედან 4 შემთხვევა ამ მედია საშუალებასთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.
თამარა ერთ–ერთ პოსტში წერს: „ჩემზე ახლა აცხობენ პოსტებს, მე კი ამ დროს ვაცხობ ჩის–ქეიქს“. ამერიკის ხმასთან საუბრისას მეარაყიშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მის მიმართ გულგრილობას ქართული მხარეც ამჟღავნებს. ის გულისხმობდა სწორედ მისი გაუჩინარების შემთხვევას 8 ივნისს, რომელსაც ქართული ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მნიშვნელოვანი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამჟამად კი დაკავების ფაქტი განმეორდა.
სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტის დაზარალებულთა საკითხებში მედეა ტურაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ყველა საერთაშორისო სტრუქტურა უნდა ჩააყენოს ხელისუფლებამ საქმის კურსში, რომ თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. ის ამჟამად არაა დაკავებული, თუმცა გამორიცხული არაფერია. მას ოფიციალურად ბრალი აქვს წაყენებული და ედავებიან ცილისწამებას ერთ–ერთი პარტიისა და დე–ფაქტო პრეზიდენტის მიმართ. როგორც სახალხო დამცველისთვის ცნობილია, მისი კრიტიკული მოსაზრები ეხებოდა დე–ფაქტო ადმინისტრაციაში კადრების ცვლილებას. მეარაყიშვილმა ისაუბრა ახალგორში თიბილოვის კადრების ბიბილოვის კადრებით ჩანაცვლების თაობაზე ჟურნალისტებთან, რამაც შეუქმნა პრობლემები ადმინისტრაციასთან.
ჩვენ მივმართეთ განცხადებით სხვადასხვა ორგანიზაციებს ამის თაობაზე. მეარაყიშვილმა მოითხოვა თბილისიდან ადვოკატის შეშვება, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ აქაურ იურისტებს არ აქვთ ლიცენზია და ეგრეთ წოდებული „პროპუსკი“, ანუ საშვი, რაც ჩვენი შეფასებით არის სრული უკანონობა. ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა და ამ საბაბით ადვოკატის მომსახურებაზე უარი არის დაცვის უფლების დარღვევა. დე–ფაქტო ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადვოკატის შეშვება და დაკონტაქტება თამართან“.
ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა მეარაყიშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები ასე უხეშად არ ირღვეოდეს ამ ტერიტორიებზე. სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოქმედდეს დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები მის მიმართ. დაკავების ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები მისი განთავისუფლებისა და დევნის შეწყვეტის მიმართულებით.“
თამარას ერთადერთი სახლი ახალგორში აქვს და როგორც ამერიკის ხმასთან არაერთხელ უთქვამს, მის დატოვებას არ აპირებს, რადგან არაფერი ისე არ ახარებს, როგორც საკუთარ ჭერქვეშ ყოფნის განცდა.
Facebook Forum