რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებებს, გადაიხედოს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერებას გულისხმობს.
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით თავს შეიკავებს სანქციების დაწესებისგან და კონგრესსა და ევროპელ პარტნიორებს კიდევ 120 დღე ექნებათ იმისთვის, რომ წარმოადგინონ იმ პრობლემის გადაწყვეტის გზები, რასაც ის „შეთანხმების დამანგრეველ ხარვეზებს“ უწოდებს.
ყოველ სამ თვეში ერთხელ ადმინისტრაციამ უნდა გადაამოწმოს, ასრულებს თუ არა ირანი ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მას ბირთვული პროგრამის წარმართვა ეზღუდება. გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არღვევს 2015 წლის შეთანხმებას და არ იცავს მის პირობებს, თუმცა მაშინაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებისგან თავი შეიკავა.
ლავროვმა დღეს თქვა, რომ თუკი პრეზიდენტი ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ ამას შესაძლოა „წარმოუდგენელი შედეგები“ მოჰყვეს ირანის მხრიდან, რომელიც თავის თავს აღარ ჩათვლის ამ შეთანხმების მონაწილე მხარედ, რომელსაც მოთხოვნების შესრულება ევალება.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ცუდი მაგალითი იქნება ჩრდილოეთ კორეისთვისაც, რომელიც თუკი ამგვარ შეთანხმებას მოაწერს ხელს, აღმოაჩენს, რომ ეს სანდო არ არის და სანქციებისგან ვერ გათავისუფლდება.
ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ამერიკამ, რუსეთმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წელს მოაწერეს ხელი. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამშვიდობო მიზნები აქვს.