რუსეთმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე პარაშუტისტები გადასხა

დღეს რუსეთმა პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ, ბელარუსის მხარეს სამხედრო პარაშუტისტების დესანტი გადასხა. ადგილზე ასობით მიგრანტია დაბანაკებული, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.

კრემლის განცხადებით, მათი მოულოდნელი გადასხმა სამხედრო წვრთნის ნაწილია. თუმცა, პოლონეთთან საზღვარზე ძალების განლაგება, უკრაინის ფრონტზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ზრდის ფონზე ხდება. ეს ყოველივე კი ბრიუსელის და ვაშინგტონისთვის განგაშის სიგნალს წარმოადგენს.

მოსკოვს აქამდეც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის თავის მოკავშირეს, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ეხმარებოდა პოლონეთთან "ჰიბრიდულ ომში", ევროკავშირის წინააღმდეგ. მიგრანტების საზღვარზე მოზღვავების გზით, მოსკოვი და მინსკი ევროპაში საემიგრაციო კრიზისს უწყობენ ხელს.

ასევე ნახეთ: "მაზოხისტური მიდრეკილებები" - რუსეთის პასუხი საიმიგრაციო კრიზისზე

ამ საკითხებზე ამერიკის მაღალჩინოსნებმა ნატოს მოკავშირეებთანაც ისაუბრეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კრემლი უკრაინის დამატებითი ტერიტორიის მითვისებას ცდილობდეს, მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ენტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ხაზი გაუსვა ამ მოვლენებით ვაშინგტონის შეშფოთებას.

“ჩვენ გარკვევით არ ვიცით, თუ რა მიზნები აქვს მოსკოვს, მაგრამ ვიცნობთ მათი მუშაობის სტილს. ჩვენი შეშფოთება იმით არის განპირობებული, რომ რუსეთმა შესაძლოა სერიოზული შეცდომა დაუშვას და გაიმეოროს ის ნაბიჯი, რაც 2014 წელს გადადგა, როცა საზღვარზე ძალები გაზარდა, შეიჭრა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი ყალბი მიზეზით ახსნა, თითქოს ეს პროვოცირებული ქმედება იყო" - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთის ოფიციალური პირები ბრალდებებს უარყოფენ, როგორც უკრაინასთან, ისე ბელარუსთან მიმართებაში და ამბობენ, რომ პარაშუტისტების დესანტის გადასხმაში უჩვეულო და აგრესიული არაფერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი უცხო ტერიტორიაზე გადასხდომაში იწვრთნებიან. ეს კი "პარაშუტისტთა ძალების საბრძოლო მზაობის შემოწმების" ნაწილია.

ასევე ნახეთ: ბელარუსის საზღვარზე ევროკავშირთან ვითარება კვლავ დაძაბულია

ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბარნსი მიავლინა. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს, ბარნსმა გამოხატა ამერიკული მხარის შეშფოთება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო.

როგორც პოლონეთი, ისე ლიეტუვა და ლატვია იძულებულნი არიან საზღვრებზე სამხედრო მობილიზაციას მიმართონ, რათა ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტების მოზღვავება შეაჩერონ. ისინი ბელარუსის პრეზიდენტს ბრალს დებენ იმაში, რომ ის საემიგრაციო კრიზისს ხელოვნურად ქმნის, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხოდ. აღნიშნულ ბრალდებას ლუკაშენკო უარყოფს.

მარტო ოქტომბრის თვეში პოლონეთმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 15 000-ზე მეტი მცდელობა აღკვეთა. გასულ კვირაში ვარშავამ საზღვრებზე პატრულირების მიზნით, დამატებით 2 500 ჯარისკაცი გადაიყვანა. იქ მათი რაოდენობა ახლა 10 000-ს აღწევს.

ყველაფერს ემატება ტემპერატურის მკვეთრი კლება პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, დღეს სულ ცოტა 2 000 მიგრანტი, რომელთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან, გაყინვის საშიშროების წინაშე დგას. ჯენ იგელენდის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, "აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ იყენებს ბელარუსი მიგრანტებს და ლტოლვილებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად".