„რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნელ-ნელა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში მეოთხე დღეა სამხედრო ოპერაციას უკრაინული ძალები აწარმოებენ. პოდოლიაკის თქმით, სამხედრო ოპერაცია რუსეთის მიწაზე, გააუმჯობესებს კიევის პოზიციებს მოსკოვთან მოლაპარაკებების შემთხვევაში.
კიევის ქმედებაზე პასუხად, რუსეთი რეგიონში დამატებით ძალებს გზავნის და „ფედერალურ დონეზე“ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. გადაწყვეტილება კრემლში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა.
მოსკოვი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის ბრძოლები, სუჯის დასავლეთით მიმდინარეობს, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში, სადაც რუსეთის ბუნებრივი გაზსადენის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია განთავსებული.
„კურსკის რეგიონში ოპერატიული სიტუაცია კვლავ რთულია“,- წერს „ტელეგრამში“ კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი.
რუსეთის საზღვრისპირა რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის და კურსკზე კონტროლის აღსადგენად, კრემლმა რეგიონში დამატებითი ძალები და შეიარაღება გააგზავნა. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რეგიონში კრემლმა საარტილერიო შეიარაღება, სარაკეტო გამშვებები, ტანკები და სხვა ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა.
კურსკს ტოვებს რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი, ამ დროისათვის რეგიონიან 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედია ძირითად აქცენტს ქალებსა და ბავშვებზე აკეთებს.
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიწაზე მოულოდნელი შეტევა ოთხი დღის წინ დაიწყეს და ამ დროსთვის მათ მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენეს. ბრიტანული „ჩატამ ჰაუსის“ ანალიტიკოსი მეთიე ბულგენი ამბობს, რომ უკრაინული ძალები რუსეთის მიწაზე მაღალი დონის კოორდინაციით მოქმედებენ.
„სამხელეთო ძალების ასეთი კოორდინირებული მოძრაობა გულისხმობს მკაფიო სამხედრო მიზანს, რომელიც ამ დროისთვის უცნობია“,- ამბობს „ასოშეიტედ პრესთან“ საუბრის დროს ბულგენი და განმარტავს, რომ ეს შეტევა არის „მასიური სიმბოლო ძალის ჩვენებისა, რომ ომი არ არის გაყინული და ომი მოდის შენთან [რუსეთთან]“.
ბტირანული „ჩატამ ჰაუსის“ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკრაინამ ამ შეტევით „სილა გააწნა პუტინს“ და ეს ოპერაცია უკრაინისთვის „დიდ პიარგადატრიალებას“ ნიშნავს.
ოთხდღიანი სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. კრემლი ამბობს, რომ ზიანი, რომელიც რუსეთმა მიიღო, 6 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.