კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემდეგ, კრემლთან და პეკინთან ასოცირებული ძალების შემდგომი სამიზნე ამერიკაში გამართული საპროტესტო აქციები გახდა. დეზინფორმაციის მკვლევარების თქმით, მთავრობის წარმომადგენლები, ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებები და სოციალური მედიის სხვა მომხმარებლები, რომლებიც პეკინსა თუ მოსკოვს უკავშირდებიან, გასული კვირების მანძილზე გამალებით ცდილობდნენ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების იმგვარად გაშუქებას, რომ ვაშინგტონი უძლურად წარმოეჩინათ, საზოგადოებაში კი დამაბნეველი და დამაპირისპირებელი მოსაზრებები გაევრცელებინათ.
რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ამერიკაში პროტესტის დაწყებისთანავე მოქმედება არ დააყოვნეს და რასიზმზე, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებაზე, ადმინისტრაციის რეაგირებასა თუ სხვა თემებზე მანიპულაცია დაიწყეს. ამ ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, მთავრობის სატელიტი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები თუ სოცმედიის მომხმარებლები და ქსელები აქტიურად ცდილობდნენ ვაშინგტონის იმიჯის შელახვას და მომხდარის კიდევ უფრო მძიმე სურათის დახატვას, როგორც სოციალურ თუ სამოქალაქო, ისე სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკის კონტექსტში.
რუსეთის საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მიკერძოებული მართლმსაჯულება იქნება ეს თუ პოლიციის სისასტიკე. კრემლმა შტატებს ფლოიდის საქმის სიღრმისეული გამოძიებისკენაც მოუწოდა. არ დააყოვნა ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმაც. სახელმწიფო მედიაში სცადეს ამ ყველაფრის ჰონგ-კონგის პროტესტის კონტექსტში შეფასება და ხაზგასმა იმისა, რომ ამერიკის მხრიდან ჩინეთის ქმედებებისა და ჰონგ-კონგელ დემონსტრანტებთან მოპყრობის კრიტიკა უსაფუძვლოა და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელი.
ასევე ნახეთ: პროტესტი ამერიკაში - რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციის ახალი სამიზნე
"ტვიტერზე" გავრცელებული შეტყობინებებით და ტექსტებითა თუ სხვა ფოტო-ვიდეო მასალის გაზიარებით, პეკინთან და კრემლთან დაკავშირებული პირები თუ ორგანიზაციები ცდილობენ წარმოაჩინონ ამერიკა, როგორც სწორედ ორმაგი სტანდარტების ქვეყანა, რომელიც მათი თქმით, მოსკოვსა და პეკინს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აკრიტიკებს, თავად ამერიკაში კი იგივე სამოქალაქო უფლებები პოლიციის მხრიდან ირღვევა და ქვეყანაში პროტეტს, დაუმორჩილებლობას, ცეცხლსა და ძალადობას იწვევს.
„ჩინეთი ახლა ძლიერაა ფოკუსირებული იმაზე, რასაც მათ „ამერიკული ჰიპოკრატია“ დაარქვეს. ეს ჩინეთის საპასუხო მესიჯებია: როგორ შეიძლება რომ მხარს უჭერდეთ პრო-დემოკრატიულ მოძრაობას ჰონგ-კონგში, როცა, შეხედეთ, თქვენ თავად როგორ ექცევით დემონსტრანტებს. ამგვარი იყო გზავნილები ირანისა და რუსეთის მხრიდანაც“, - განმარტავს „გერმანიის მარშალის ფონდის“ (GMF) მედიისა და ციფრული დეზინფორმაციის მკვლევარი, ბრეტ შაფერი.
Your browser doesn’t support HTML5
GMF-ის მკვლევარებმა „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ ჰამილტონის პროექტიდან გასული კვირების განმავლობაში „ტვიტერზე“ ასობით გვერდისა თუ პირის რამდენიმე ათეული ათასი „ტვიტი“ იკვლიეს. ყველაზე ხშირად ნახსენებ ფრაზებს შორის იყო „ჯორჯ ფლოიდი“, „პროტესტი“, „ტრამპი“, „მინეაპოლისი“, „პოლიცია და დემონსტრანტები“. რუსეთის მთავრობის სატელიტი ვებგვერდების თუ მედიასაშუალებების გვერდებზე კი ათასობით ადამიანი იყო ჩართული ამ მოვლენების განხილვაში „ფეისბუქშიც“. შაფერი განმარტავს, რომ ამ დაკვირვებითა და განცხადებების ანალიზით, ნათელია, რომ ეს ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ ამერიკის წინააღმდეგ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების მიღწევას:
რაც მოხდა გასული კვირების განმავლობაში ამერიკაში, ის მართლაც ფერმკრთალდება იმ ნამდვილ სისტემატურ, ყოველდღიურ სისასტიკესთან, რაც არის მიღებული ჩინეთის რეჟიმის მიერ ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, ან ის, რაც ჰონგ-კონგში ხდება. რუსეთში კი ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ აქვთ, როდესაც არის რაიმე ტიპის პროტესტი, თუნდაც მცირე და მშვიდობიანი, როგორც წესი, მის მონაწილეებს სცემენ. არ არსებობს შედარება, მსგავსება ამ სიტუაციებს შორის.ჯეიმი კირჩიკი
„საქმე გვაქვს ფართო გლობალურ მცდელობასთან, რომ რასიზმი და არეულობა ამერიკაში, შტატებისა და მისი სანდოობის შესასუსტებლად იყოს გამოყენებული. რადგან, თუკი მსოფლიოს სხვა ნაწილებში დაინახავენ ამერიკას, როგორც არასანდოს, არასაიმედოს, ორმაგი სტანდარტების მქონეს, ამის შედეგად ამერიკის გზავნილს უკვე წონა აკლდება. ასე რომ სწორედ თუ სადმე ვხედავთ ამ გზავნილების მსგავსებას, ეს სწორედ მათი [ამ სამი ქვეყნის] საერთო ინტერესია, რომ მსოფლიოში ამერიკის სიძლიერეს ძირი გამოუთხარონ“, - ამბობს შაფერი და დასძენს, რომ რუსეთს ამერიკაში რასიზმის პრობლემის გაშუქების ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. „ეს რუსეთის სტრატეგიული ინტერესშია: დააზიანოს, ძირი გამოუთხაროს ამერიკის სანდოობას საზღვარგარეთ, გააღვივოს შუღლი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის.“
რაც შეეხება ჩინეთსა და ირანს, დეზინფორმაციის მკვლევარი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისინი ახერხებენ სოციალური მედიის პლატფორმებით პირდაპირ დასავლურ აუდიტორიას „მისწვდნენ“ და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ცივი ომის დროს შეუძლებელი იყო: „გასულ წელს, 300 %-იანი ზრდა იყო იმ ჩინელი დიპლომატებისა, რომლებიც „ტვიტერზე“ დარეგისტრირდნენ. იგივე ზრდა დაფიქსირდა ირანშიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში.“
ჯეიმი კირჩიკი, ჟურნალისტი, ავტორი და ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკისა და ევროპის ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ამბობს, რომ ამგვარი შედარებები სრულიად უადგილო და შეუფერებელია:
„რაც მოხდა გასული კვირების განმავლობაში ამერიკაში, ის მართლაც ფერმკრთალდება იმ ნამდვილ სისტემატურ, ყოველდღიურ სისასტიკესთან, რაც არის მიღებული ჩინეთის რეჟიმის მიერ ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, ან ის, რაც ჰონგ-კონგში ხდება. რუსეთში კი ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ აქვთ, როდესაც არის რაიმე ტიპის პროტესტი, თუნდაც მცირე და მშვიდობიანი, როგორც წესი მათ მონაწილეებს სცემენ. არ არსებობს შედარება, მსგავსება ამ სიტუაციებს შორის“, - ამბობს კირჩიკი.
#DCblackout - კოორდინირებული კამპანია ყალბი ცნობების შესახებ
ალექს ენგლერი, ბრუკინგსის ინსტიტუტის კიდევ ერთი მკვლევარი ყალბი კამპანიის ძალიან ცნობილ მაგალითზე საუბრობს და „ტვიტერის“ ჰეშთეგს „dcblackout“-ს იხსენებს, რომელიც მიემართებოდა მცდარ ცნობას, თითქოსდა მობილური ტელეფონები თუ სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობები დაბლოკილი იყო, როგორც ერთგვარი სტრატეგია იმისთვის, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება თუ დემონსტრანტებთან ანგარიშსწორება არ გაშუქებულიყო.
„უმეტეს შემთხვევაში ყველაზე საშიში სრულად მოგონილი ცნობები და აბსოლუტური ფაბრიკაცია კი არა, რეალური ინფორმაციით მანიპულირებაა. ძლიერ ცალმხრივი ინფორმაცია, რომელიც რეალობის სრულ სურათს არ ქმნის, ასევე სახიფათოა. სწორედ ეს არაა კარგად გაგებული იმის შესახებ, თუ როგორ მართავს რუსეთი საზღვარგარეთ საინფორმაციო ოპერაციებს: მისი დიდი ნაწილი სიმართლეა, უბრალოდ მანიპულაციური სიმართლე“.ბრეტ შაფერი
„სახელმწიფო აქტორებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ძალისხმევა წარსულში ნამდვილად გვინახავს, მათ შორის - რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის ძალადობის საკითხებზე ადამიანთა ურთიერთდასაპირისპირებლად გამოყენებული. ეს გარკვეულად იყო კიდეც 2016 წელს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ე.წ. „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ გეგმის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ იგივე ძალისხმევა ამ წლის მარტშიც. ასე რომ #დისიბლექაუთის კამპანია და სხვა პროპაგანდისტული კამპანიები, რაც ვაშინგტონის პროტესტის ირგვლივ ვიხილეთ, ნამდვილად გვახსენებს უახლოეს პერიოდში განხორციელებულ კამპანიებს, რომელთა მიზანიც განსაკუთრებით დამაპირისპირებელ საკითხებზე ამერიკის მოქალაქეთა კიდევ უფრო მეტი პოლარიზაციაა“, - ამბობს ენგლერი.
#დისიბლექაუთის გამოყენებით, თავდაპირველად ბოტები იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ვაშინგტონი „გათიშული იყო“, შემდეგ რამდენიმე გატეხილ გვერდზე ერთდროულად ამის საპირისპირო ინფორმაცია დაიწერა. პატრიკ უორენი, კლემსონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ მიზანი არა იმდენად ერთი კონკრეტული ცნობის თუ აზრის გავრელება, არამედ ადამიანების დაბნევაა, რათა ვერ გავიგოთ რა არის სინამდვილე და რა - არა.
„[მიზანია] სოციალური ერთობის შესუსტება და ადამიანების იმაში დარწმუნება, რომ ობიექტური რეალობის გაგება შეუძლებელია და ამის ცდაც არ ღირს... გავიხსენოთ 2016 წელი და ე.წ. ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ფუნქციონირება. ჩვენ ვნახეთ სოცმედიის [ყალბი] ანგარიშები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს. ისინი მედიას ესხმოდნენ თავს, ზოგი მემარცხენე, ზოგიც მემარჯვენე პერსპექტივიდან“, - ხსნის უორენი.
ამგვარ მანიპულაციებს შორის იყო ისეთი მაგალითებიც, როგორიც ცეცხლში გახვეული ვაშინგტონის ფოტოებია. რუსული მედია ასევე ავრცელებდა ვიდეოს, სადაც თეთრკანიან ქალს დაჩოქებას და თეთრკანიანთა პრივილეგიებისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ.
ამერიკის არჩევნები და დეზინფორმაციის რისკები
დეზინფორმაციის ექსპერტები აქამდეც ამბობდნენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციული მანქანა გაორმაგებული ძალითა და შემართებით მუშაობს.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთს, ჩინეთს, ირანს თუ სხვა ავტორიტარულ ძალებსა და კამპანიებს არ შეუძლია ამერიკის მოსახლეობის მოსაზრებები რადიკალურად შეცვალოს, მაგრამ საყურადღებო ის ჯგუფებია, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით თავს გარიყულად გრძნობენ. შაფერი ხსნის, რომ მაგალითად, ამ ძალისხმევით შეიძლება დაარწმუნონ ზოგიერთი ადამიანი (რაც 2016-შიც იყო სტრატეგია), რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
„ჩვენ ვნახეთ მაგალითად რუსები, რომლებიც ცდილობდნენ გავლენის მოხდენას შავკანიანი აქტივისტების მოძრაობაზე, და მათ დარწმუნებას, რომ მაშინდელი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისთვის მხარი არ დაეჭირათ. არსებობს შესაძლებლობა რომ შეამცირონ ამა თუ იმ ადგილას ხმის მიცემა კონკრეტული დამაპირისპირებელი ნარატივის წინ წაწევით. რეალურად შემაშფოთებელი ისაა, რომ გავლენა მათ ამერიკელთა მცირე რაოდენობაზე ექნებათ და სწორედ ამ მცირე რაოდენობაზე ზეგავლენა გჭირდება იმისთვის, რომ უფრო დიდი პრობლემა შექმნა: რუსეთი არ აპირებს რადიკალურად შეცვალოს ამერიკელთა საერთო, საზოგადოებრივი აზრი არჩევნებზე. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამომრჩეველთა 1 %-ის მიერ აზრის შეცვლამ შეიძლება შედეგი შეცვალოს“, - ამბობს ბრეტ შაფერი.
მკვლევარების აზრით, პოლიტიკური დაპირისპირება და პოლარიზება იდეალური შესაძლებლობაა იმ ძალებისთვის, რომლებსაც ამა თუ იმ საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაყოფა სურთ: დეზინფორმაციითა და ამ საინფორმაციო ოპერაციებით ხერხდება ის, რომ ადამიანები იღებენ ბიძგს კიდევ უფრო მეტად გადაიხარონ იმ მიმართულებით, საითაც ისედაც იხრებიან. მით უფრო თუ ხალხი განწყობილია იმისთვის, რომ არ ენდოს არც მთავრობას და არც - დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
„როდესაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ხშირად ერთი რამ კარგად არ არის გაგებული და გააზრებული. უმეტეს შემთხვევაში ყველაზე სასიში სრულად მოგონილი ცნობები და აბსოლუტური ფაბრიკაცია კი არაა, არამედ რეალური ინფორმაციით მანიპულირება. ძლიერ ცალმხრივი ინფორმაცია, რომელიც რეალობის სრულ სურათს არ ქმნის, ისეთივე საშიშია, როგორც სრული დეზინფორმაცია. სწორედ ეს არაა კარგად გაგებული იმის შესახებ, თუ როგორ მართავს რუსეთი საზღვარგარეთ საინფორმაციო ოპერაციებს: მისი დიდი ნაწილი სიმართლეა, უბრალოდ მანიპულაციური სიმართლე“.