ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს


რუსულმა მედიამ “დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი კამპანია” დაიწყო დასავლეთის წინააღმდეგ, კორონავირუსის გავლენის თაობაზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, დეზინფორმაციის მიზანი პანიკის და უნდობლობის დათესვაა.

ევროკავშირის მიერ შიდა დისტრიბუციისთვის გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთიდან მოდის, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ურთიერთგამომრიცხავ და დამაბნეველ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ევროკავშირს მნიშვნელოვნად ურთულებს პანდემიაზე რეაგირებას.

კრემლმა ოთხშაბათს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ევროკავშირის ბრალდებები უსაფუძვლოა.

ანგარიში, რომელიც ცხრა გვერდისგან შედგება, ამბობს, რომ “რუსეთის სახელმწიფო მედია და კრემლის მხარდამჭერი სააგენტოები კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის მნიშვნელოვან კამპანიას აგრძელებენ.” ანგარიში 16 მარტსაა შედგენილი. “კრემლის სადეზინფორმაციო კამპანიის საბოლოო მიზანი დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გაზვიადებაა,” ნათქვამია ანგარიშში.

22 იანვრის შემდეგ, ანგარიშის ავტორებმა, სულ ცოტა, 80 შემთხვევა გამოავლინეს, რომლებიც ადამიანებისთვის მცდარი ინფორმაციის განზრახ მიწოდებას ისახავს მიზნად.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ევროკავშირში აღნიშნულ შემთხვევებს, კონკრეტულ მედია საშუალებებთან უშუალოდ დააკავშირებს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებიც აღნიშნულ სიტუაციაში, სავარაუდოდ, ანტირუსულ ახირებას უკავშირდება,” თქვა პესკოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG